სოფელ ვარდისუბანთან დავით ლეგაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დასრულდა

სოფელ ვარდისუბანთან დავით ლეგაშვილის მხარდასაჭერი აქცია დასრულდა. ადგილობრივებს ცენტრალური გზა ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი დაკავებული დავით ლეგაშვილის გათავისულებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩერეს.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ლეგაშვილი უსამართლოდ არის დაკავებული მაშინ, როცა ინციდენტის მონაწილე სხვა პირების მიმართ სამართლებრივი მოქმედებები არ დაწყებულა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში 6-კაციანი ჯგუფი 4 პირს ფიზიკურად გაუსწორდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ერთი დაშავებული 14 წლის არის. ყველა დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ინციდენტის დროს დაზიანდა ავტომობილიც.
დაზარალებულები სოფელ ყარაჯალას მკვიდრები არიან. მათი თქმით, დაპირისპირება ვარდისუბნის მცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოხდა და ამჯერად ისევ განახლდა. თავდამსხმელი მხარე დაზარალებულს ნაკვეთიდან ცხვრების გაყვანას სთხოვდა.
შსს-ს ინფორმაცით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული დ.ლ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ლ.-მ მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მდებარე მსხვილფეხა საქონლის ბაზრობაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 1986 წელს დაბადებულ რ. ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ სტატია: რა ხდება თელავის რაიონში, სადაც მოსახლეობამ ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა

























