ქუთაისის ოპერის თეატრში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გალა-კონცერტით დასრულდა

ქუთაისის ოპერის თეატრში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გალა-კონცერტით დასრულდა

ქუთაისის ოპერის თეატრში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გალა-კონცერტით დასრულდა. სპეციალურად ამ დღისთვის ქუთაისში "დიდი თეატრის" სოლისტი ვლადისლავ პიავკო ჩამოვიდა, რომელიც 32 წლის წინ, საოპერო მეგავარსკვლავებთან ერთად, ქუთაისში საოპერო ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე და დამფუძნებელი იყო.

გალა კონცერტზე იმყოფებოდა ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერიც.

გალა-კონცერტი ფესტივალის ორგანიზატორთან, ფონდ "მსოფლიო ტალანტების" დამფუძნებელ დავით ღვინიანიძესთან ერთად, ქრისტინე ძიძიგური-ბაგრატიონმა გახსნა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ესტუმრა ქუთაისს.

"ფანტასტიური ფესტივალი შედგა და წარმატებით დასრულდა. მიხარია, ქუთაისში ამ დონის ფესტივალი, რომ დაიწყო. გალა-კონცერტიც არაჩვეულებრივი გამოვიდა, რომელსაც ბევრი სახელოვანი ადამიანი დაესწრო. ფესტივალი გაგრძელდება, მომავალში მეტი მონაწილით წარვსდგებით მაყურებლის წინაშე", - განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა დავით ღვინიანიძემ.

ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი 16 სექტემბერს ლეონკავალოს "ჯამბაზებით" გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელმა იხილა სამი სპექტაკლი, ერთი კამერულ-ვოკალური მუსიკის კონცერტი, 2 მასტერკლასი - მეტროპოლიტენ ოპერის სოლისტის, რაულ მელოსის და საქართველოს სახალხო არტისტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის ალექსანდრე ხომერიკის.

დასკვნით კონცერტში მონაწილეობდნენ: ნიუ-იორკელი პერფორმერი და ტენორი, რაულ მელო, დიდი თეატრის სოლისტი ალექსანდრ კირეევი, სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს აკადემიური მუსიკალური თეატრის სოლისტები - ლარისა ანდრეევა და მარია პახარი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები და გუნდი. ორკესტრს დირიჟორობდნენ რევაზ ჯავახიშვილი და ლევან ჯაგაევი.