ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა ხმაურით დაიწყო

ზუგდიდში, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა ხმაურით დაიწყო. დარბაზში მყოფმა მოქალაქემ მაია კალანდიამ ზურაბიშვილს უთხრა, რომ ის ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ინტერესების მატარებელია და მას არ აქვს უფლება კენჭი იყაროს საქართველოს პრეზიდენტად.
„თქვენ შეურაცხყავით ანწუხელიძის სისხლი. თქვენ შეურაცხყოფთ საქართველოს და მის ინტერსებს. არ დაგაცდით ლაპარაკს, იმიტომ, რომ არ იმსახურებთ. თქვენ არ იქნებით საქართველოს პრეზიდენტი. თქვენ ემსახურებით რუსეთის ინტერსებს“, - უთხრა მაია კალანდიამ სალომე ზურაბიშვილს.
კალანდიას ამ განცხადებების გამო დარბაზში მყოფები დაუპირისპირდნენ და დარბაზის დატოვება მოსთხოვეს.
სალომე ზურაბიშვილმა მაია კალანდიას მიმართა, რომ საუბრის დასრულების შესაძლებლობა მიეცა და შეხვედრის შემდეგ მას გაესაუბრებოდა.
მაია კალანდიამ დარბაზი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე წუთში პროტესტის ნიშნად დატოვა.

























