დავით ბაქრაძე ქობულეთში მხარდამჭერებს ხვდება

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს ქობულეთში ხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ სხვა პრობლემებთან ერთად აჭარაში განსაკუთრებით დგას თურქეთში სამუშაოდ წასული ადამიანების პრობლემა. მათი განცხადებით, დაბალი ანაზღაურების და უმძიმესი პირობების გარდა, ბევრი ისეთი საკითხიცაა, რომელზეც ხელისუფლება ყურადღებას არ იჩენს.
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ადგილობრივები აცხადებენ, რომ მუდმივად რიგებია საბაჟოზე, ხოფაშიც, სადაც ქართველების დიდი ნაწილი მუშაობს.
„ყველა სხვა პრობლემასთან ერთად აჭარაში განსაკუთრებით დგას საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ წასული ადამიანების პრობლემა. გარდა იმისა, რომ დაბალ ანაზღაურებაზე უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა, ძალიან ბევრი საკითხია, სადაც ხელისუფლება ელემენტარულ ყურადღებას არ ამჟღავნებს მათ მიმართ. ეს შეეხება რიგებს, საბაჟოზე შექმნილ პრობლემებს, ეს შეეხება თუნდაც ხოფას, სადაც მუშაობს ქართველების დიდი ნაწილი მუშაობს, არ არის საკონსულო დაწესებულება და ადამიანებს არ ჰყავთ სახელმწიფოს მხრიდან მიმხედავი. ძალიან ბვერი პრობლემაა, სადაც ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ ხალხს, რომელიც იძულებულია დღეს საქართველოდან წავიდეს და ფიზიკური შრომით არჩინოს ოჯახი. სწორედ ამიტომ ჩემი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა, გვერდით დავუდგე ამ ადამინებს, გვერდით დავუდგე ამ ოჯახებს, გავაუმჯობესოთ მათი შრომის პირობები და გავზარდოთ მათი შემოსავლები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

























