გორის რაიონის სოფელ კვარხეთში, შპს „ტირიფონის ბაღებმა“ ხეხილის ბაღი გააშენა

გორის რაიონის სოფელ კვარხეთში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შპს „ტირიფონის ბაღებმა“ ხეხილის ინტენსიური ბაღი გააშენა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შიდა-ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, ინტენსიური ტიპის ბაღები დაათვალიერა და მოვლის ოპერაციებს - მექანიკური სხვლა, ფესვების მიწისქვეშა შეკვეცა, სეტყვის საწინააღმდეგო ბადის გაშლა - გაეცნო.
„კვარხეთში გაშენებული ახალი ბაღები არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენი პოლიტიკა არის სწორი. ჩვენ გვინდა კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები, რომლებიც წარმოებული პროდუქციით ბაზარზე თავს დაიმკვიდრებენ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით „ტირიფონის ბაღებში“ საუკეთესო ხარისხის მოსავალი მიიღეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, „ტირიფონის ბაღები" პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 27 ჰა-ზე ვაშლის ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 100 000 ლარის თანადაფინანსება მიიღო.
„კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა და 2 000 000 ლარის ოდენობით სესხი სეტყვისგან დამცავი ბადეების, საყრდენი ბოძების, სარწყავი წვეთოვანი სისტემების მოწყობისთვის გამოიყენა. ბაღის გაშენებისთვის, სულ, 4 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. წელს ვაშლის პირველ მოსავალს უკვე აიღებენ“, - აცხადებენ სამინისტროში.
შიდა-ქართლის გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, სწორედ საერთაშორისო სტანდარტის სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ „ტირიფონის ბაღები" პირველი კომპანიაა, რომელმაც, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, Global Gap-ის პირველადი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აიღო.

























