დავით ბაქრაძე წინასაარჩევნო შეხვედრას საჩხერეში განაგრძობს

დავით ბაქრაძე წინასაარჩევნო შეხვედრას საჩხერეში განაგრძობს

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრას საჩხერეში განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, საჩხერეში მოსახლეობა სასმელი წყლის, ინფრასტრუქტურის, მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონს და უსამართლოდ მოხსნილ სოციალურ დახმარებას და უმუშევრობას უჩივის.

ადგილზე პრობლემების განხილვის და მათი გადაჭრის გზების მოძებნის გარდა, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება არა კაბინეტის, არამედ ხალხის პრეზიდენტი და ცვლილებები მშვიდობიანი გზით უნდა განხორციელდეს.

„საზოგადოებას მთელ საქართველოში სჭირდება ცვლილებები და არჩევნები არის ცვლილებების შესაძლებლობა, ამიტომ ეს არჩევნები არ არის იმ ხალხის, ვისაც ვირჩევთ, ეს არჩევნები არ არის პრეზიდენტობის კანდიდატების, ეს არჩევნები ეკუთვნის თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც უჭირს, ვისაც არ ყოფნის პენსია, ვისაც მოუხსნეს სოციალური დახმარება, ვისაც არ აქვს სტუდენტისთვის გადასახდელი განათლების თანხა, ვინც იძულებულია საქართველოდან წავიდეს და უცხოეთში იშრომოს. თითოეულ ასეთ ადამიანს ეკუთვნის ეს არჩევნები და ეს არის მათი შანსი შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი მოვა არჩევნებზე და ხმას მისცემს მშვიდობიან ცვლილებებს უკეთესი საქართველოსთვის და საიმედო ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.