რუსთავსა და გარდაბანში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული სკოლები საზეიმოდ გაიხსნა

რუსთავში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული N4 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი ჯონათან ნეში, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი დაესწრნენ.
რუსთავის #4 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
„რუსთავის N4 საჯარო სკოლა 1,650 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლის 5,496 კვ/მ ფართი სრულად გარემონტდა.
დღესვე ახალი სკოლა გაიხსნა ქალაქ გარდაბანშიც, რომლის რეაბილიტაცია, ასევე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ განხორციელდა. გარდაბნის N4 საჯარო სკოლას 770 მოსწავლე ჰყავს და ფონდმა მის 1,755 კვ/მ ფართს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა.
,,ამერიკის მთავრობა ასრულებს 90-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაციას საქართველოს მასშტაბით ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მეშვეობით. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ორი ახალი მშვენიერი სკოლა გავხსენით ქვემო ქართლში. საქართველოს მასშტაბით 37 სკოლის მოსწავლე სარგებელს მიიღებს ამ პროექტიდან, მათ შორის ისინი, რომლებსაც შევხვდით დღეს ქვემო ქართლში, მათი სკოლა იქნება თანამედროვე, კომფორტული, სკოლაში იქნება თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ახალი ტექნოლოგიები და მოსწავლეებს ექნებათ ყველა წინაპირობა წარმატებისთვის“, - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებებლმა ელიზაბეთ რუდმა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ მხოლოდ 2017-2018 წლებში ქვემო ქართლსა და კახეთში სრულად რეაბილიტირდა 28 საჯარო სკოლა. შედეგად, 13,000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდა სასწავლო გარემო. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 44 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. ამჟამად, საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს სკოლებში, რომლის დასრულებაც რამოდენიმე თვეში იგეგმება. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ჯამში, საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.
საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მლნ აშშ დოლარის მეორე კომპაქტის/გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში. ჯამში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის, კომპაქტიდან 54 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი.

























