აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ტერნოპოლის დელეგაციას შეხვდნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა ნუგზარ სურმანიძემ, ხვიჩა შარაშიძემ და უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა ტერნოპოლის საოლქო საბჭოს 6-კაციან დელეგაციას უმასპინძლეს, რომელსაც საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი სვოჩი ხელმძღვანელობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის რეგიონული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება, ისაუბრეს საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობის სპეციფიკასა და პრინციპებზე.
ასევე შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების განხორციელების, ტერნოპოლისა და აჭარის მრავალმხრივი პოტენციალის გამოყენების შესახებაც იმსჯელეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, სტუმრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს უკრაინელი ბავშვების გამაჯანსაღებელი პროექტის განხორციელებისა და მხარდაჭერისათვის.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
საპასუხო ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი სტუმრები ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს შეხვდებიან, გაეცნობიან რეგიონის ღირსშესანიშნაობებს.

























