არქეოლოგებმა გონიოს ციხეში თავდაცვითი კედლის საძირკველის ორი რიგი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა გონიოს ციხეში თავდაცვითი კედლის საძირკველის ორი რიგი აღმოაჩინეს

გონიოს ისტორიულ ციხეში არქეოლოგებმა თავდაცვითი კედლის საძირკვლის ორი რიგი აღმოაჩინეს. როგორც არქეოლოგები აცხადებენ, იგი განსხვავებულია არამარტო კონსტრუქციით, არამედ თარიღითაც.

"მიმდინარე წელს პირველად, ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური გათხრები გონიო-აფსაროსის ციხის კედლების გარეთ ჩატარდა. არქეოლოგების ვარაუდით, თავდაპირველ რომაულ ციხეს განსხვავებული ფორმა და ზომა ჰქონდა. მათი ვარაუდი გამართლდა და გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა თავდაცვითი კედლის საძირკველის ორი რიგი. აღსანიშნავია ის, რომ ისინი განსხვავდებიან არა მარტო კონსტრუქციით, არამედ თარიღითაც. ადრეული კედელი აფსაროსის პირველი რომაული გარნიზონის ადგილსამყოფელი უნდა ყოფილიყო. ერთობლივი ქართულ-პოლონური ექსპედიცია 2014 წლიდან მუშაობს. ექსპედიციას ხელმძღვანელობენ პროფესორი შოთა მამულაძე (გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი) და პროფ. რადოსლავ კარასიევიჩ-შჩიპიორსკი (ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტი). ამ დრომდე ერთობლივი ექსპედიციის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი საგარნიზონო აბანოში დაფიქსირებული მოზაიკის იატაკი იყო",- განაცხადეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.