ქუთაისში შპს „სახლი #1“ის დემონტაჟის გადაწყვეტილება მერიამ სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო

ქუთაისში შპს „სახლი #1“ის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა მერიამ სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული კორპუსის ზედა ორი სართულის უკანონო დაშენების დემონტაჟზე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში იქნა მიღებული.
„2018 წლის 5 აპრილს ზედამხედველობის სამსახურმა იძულებითი დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა, ასევე დადგენილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ბიუროში გადაიგზავნა მასალები. 19 აპრილს ეს გადაწყვეტილება შპს „სახლი #1“ის მფლობელებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. მათ ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს, რაც საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა, შესაბამისად შპს „სახლი #1“ის წარმომადგენლებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თავის მხრივ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
როგორც ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კანონის მიხედვით თუ დამრღვევი ნებაყოფლობით არ განახორციელებს დემონტაჟს, დაიწყება იძულებით აღსრულება. აღნიშნულზე შედგენილია დემონტაჟის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. გამოცხადებული იყო ელექტრონული ტენდერი დემონტაჟის ჩატარების თაობაზე, რომელიც არ შედგა. ამჟამად მერია განმეორებითი ტენდერის გამოცხადებისთვის ემზადება.

























