ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო წელი შეფერხების გარეშე დაიწყო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო წელი შეფერხების გარეშე დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს,
მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, სიმბოლურად, სოფელ არგვეთის საჯარო სკოლიდან ახალი სასწავლო წლის დაწყება ზესტაფონელ მოსწავლე-ახალგაზრდობას, პედაგოგებსა და მშობლებს მიულოცეს. მათივე ინფორმაციით, არგვეთის საჯარო სკოლა ავარიული მდგომარეობის გამო ამჟამად კერძო შენობაშია განთავსებული.
„ვულოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულ მოსწავლეს ქონდეს განათლების მიღების ღირსეული პირობები. მუნიციპალიტეტში რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია მოხდა, მათ შორის მილენიუმის პროგრამის ფარგლებშიც. ვიმედოვნებთ, არგვეთის სკოლის მოსწავლეებიც დროულად დაუბრუნდებიან თავიანთ სკოლას", - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.
სასწავლო წლის დასაწყისი მერიის მიერ ორგანიზებული კონცერტით აღინიშნა, რომელშიც ადგილობრივი მუსიკოსები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

























