ქვემო ქართლის გუბერნატორმა და რუსთავის მერმა სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს

ქვემო ქართლის გუბერნატორმა და რუსთავის მერმა სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს

რუსთავის 35 საჯარო და კერძო სკოლაში, დღეიდან სასწავლო პროცესი დაწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება #4; #10; #24; და 28-ე საჯარო სკოლების პირველკლასელებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, წელს რუსთავს 103 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ჰყავს და მომავალ წელს ეს შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალ სასწავლო წელს პირველკლასელები შემართებით დაიწყებენ და მათ ამაში პედაგოგები და რა თქმა უნდა, მშობლებიც აქტიურად შეუწყობენ ხელს.

მე-4 და 28-ე საჯარო სკოლები პროგრამა ,,მილენიუმის“ ფარგლებში სრულად იქნა რეაბილიტირებული და აღჭურვილი თანამედროვე ინვენტარით.

რუსთავში 26 საჯარო და 9 კერძო სკოლაა, მოსწავლეთა რაოდენობა კი 20 ათასია, მათგან 2300 პირველკლასელია. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა საჯარო სკოლაში 150 ათასი ახალი სახელმძღვანელო დარიგდა. ახალი სახელმძღვანელოები გადაეცათ ქალაქის კერძო სკოლების სოციალურად დაუცველ მოსწავლეებსაც.