თორნიკე რიჟვაძემ მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მაღალმთიანი აჭარიდან მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მაღალმთიანი აჭარიდან მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.
„ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლეს და პედაგოგს! განათლება ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორიოდე დღის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში იმედის მომცემი სიახლეები გაგვაცნო. დაგეგმილია პედაგოგებისთვის ხელფასების მომატება, განათლების ევროპულ მოდელთან უფრო მეტი დაახლოება. მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკაში სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მზადაა საქართველოს მთავრობასთან ერთად ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელოს.
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, რომელიც ახალ გამოწვევებთან, ახალ მიღწევებთან იქნება დაკავშირებული. გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს!“ - აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მილოცვაში.
17 სექტემბერს, თორნიკე რიჟვაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთაში ახალ სკოლას გახსნის. დღესვე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში რეაბილიტირებული სკოლის გახსნაა დაგეგმილი. 2018 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება 24 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მათ შორის, 5 სკოლის მშენებლობა და 19 სკოლის რეაბილიტაცია.

























