103 რუსთაველი მოსწავლე წელს ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი გახდა

,,რუსთავქალაქობა 2018’’-ის კვირეულის ფარგლებში, თოდრიას ქუჩაზე, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წელს ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სულ 103 რუსთაველი მოსწავლე გახდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, ახალგაზრდებს საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს, მოსწავლეებს კი ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების დასასრულს, ქალაქის მერმა #24-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი წერეთელი-არობელიძე რუსთავის საპატიო მოქალაქედ დაასახელა. ქვემო ქართლის გუბერნატორმა ღვაწლმოსილ პედაგოგს საპატიო რუსთაველის წოდების დამადასტურებელი სპეციალური სიგელი და საჩუქრები გადასცა.
თოდრიას ქუჩაზე მიმდინარე ღონისძიებები, ფერების ფესტივალითა და ჯგუფ ,,სინთეზის“ კონცერტით გაგრძელდა. მთელი დღის განმავლობაში პატარებისთვის საბავშვო კონცერტი მიმდინარეობდა, ბავშვებისათვის მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები, გაიმართა ანიმატორების, მიმების, ჯამბაზებისა და მოძრაობის თეატრის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობა სასულე ორკესტრთან ერთად, საღამო DJ-იმ დაასრულა.
რუსთავქალაქობა 2018-ის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე ,,ჩვენი თეატრის“ სპექტაკლი ,,პარადისოს“ ჩვენება მოეწყო.

























