„რუსთავქალაქობა 2018“ მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება

რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „რუსთავქალაქობა 2018“, წელს მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. დილიდან, ქალაქის სხვადასხვა უბანში კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები ტარდება. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში, ღონისძიება სახელწოდებით - „გააცოცხელე რუსთავის ისტორია“ გაიმართა. სხვადასხვა თაობის მსახიობებმა, რეჟისორებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა და მიწვეულმა სტუმრებმა, რუსთავის თეატრის 51 წლიანი ისტორია გაიხსენეს და შეკრებილ საზოგადოებას უამბეს თუ როგორ დაარსდა და როგორ ვითარდებოდა ქალაქთან ერთად, თეატრი.
ღონისძიებას, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრის პირველი თაობის მსახიობებიც ესწრებოდნენ. ფოიეში გამოფენილი იყო თეატრის არქივში დაცული ფოტო-მასალა და კოსტიუმები პირველი სპექტაკლებიდან.
„საქართველოში ბევრი ქალაქია, ყველა მიყვარს, მაგრამ რუსთავს ჩემთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან, ჩვენ აქ 10 წელი გავატარეთ სიხარულში, სიცივეში, ზოგჯერ ტირილშიც, ამიტომ რუსთავის ყველა სიკეთე, ყველაფერი მიხარია. ეს ქალაქი არის ჩემი ნაწილი, რადგან 10 წელი ცოტა დრო არ არის. მინდა მთელი გულით, მთელი არსებით მივულოცო რუსთავქალაქს იუბილე“, - განაცხადა, ჟურნალისტებთან საუბარში, რუსთავის თეატრის პირველი დასის წევრმა, საქართველოს სახალხო და დამსახურებულმა არტისტმა თამარ სხირტლაძემ.
თეატრში გამართულ საიუბილეო ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი დაესწრნენ.
ირაკლი ტაბაღუამ გაწეული ღვაწლისთვის დასის პირველ წევრებს მადლობა გადაუხადა და ამჟამინდელ დასს წარმატებები უსურვა შემოქმედებით საქმიანობაში. ღონისძიებას ნიკა წულუკიძე უძღვებოდა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა, ზუსტად 51 წლის წინ შეიქმნა ეს არაჩვეულებრივი თეატრი. არ შეიძლება ვახსენოთ ქალაქ რუსთავის 70 წლის იუბილე და არ ვახსენოთ თეატრი, ის ადამიანები, რომელთაც მეტალურგთა ქალაქში, შექმნეს თეატრი და ის თეატრალურ ქალაქადაც აქციეს. მიხარია, რომ ამდენ არაჩვეულებრივ მსახიობს ვხედავ და მაყურებელი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს მათ მიმართ“, - განაცხადა ნიკა წულუკიძემ.
„რუსთავქალაქობა 2018“, დღეს გაიხსნა და ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. საიუბილეო ღონისძიებების პირველ დღეს, მურმან ჯინორიას მონო სპექტაკლი, საქართველოს სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი დაასრულებს.

























