მარნეული დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კამპანიის „დავასუფთავოთ მსოფლიო“ ფარგლებში დასუფთავების აქცია ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“- ს ერთობლივი ორგანიზებით, სოფელ ალგეთში არსებული ტყე- პარკის ტერიტორია დასუფთავდა.
მათი ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, მარნეულელი ახალგაზრდები და ორგანიზაციის წარმომადგენლები.
დასუფთავების აქციები სლოგანით - ,,ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პასუხისმგებლობაა“ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, სადაც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ.
კამპანია საქართველოში, შვედეთის მთავრობისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს’’ ინიციატივით ხორციელდება.

























