16-22 სექტემბერს, ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება

16-22 სექტემბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კომპოზიტორთან კავშირიდან“ აცნობეს, ფესტივალი ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერლის დავით ღვინიანიძის საერთაშორისო ფონდის „მსოფლიო ტალანტების“ ერთობლივი პროექტია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ააიპ ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება.
„ფესტივალის შემოქმედებითი სტუმრები საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელი და ქართველი მუსიკოსები იქნებიან - თამარ ივერი, რაულ მელო, მარია პახარი, ლარისა ანდრეევა, ალექსანდრ კირეევი, კონსტანტინე სუჩკოვი, სულხან გველესიანი,მარიკა მაჩიტიძე, ირაკლი მურჯიკნელი, გიორგი ცინცაძე, აკაკი იოსელიანი.
მომღერლები მონაწილეობას მიიღებენ რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზებში“, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატაში“, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებაში“, კამერული მუსიკის საღამოში, ფესტივალის საზეიმო გალა-კონცერტში. ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ-ოპერის“ სოლისტი რაულ მელო კი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერ-კლასსაც ჩაატარებს. ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალის საბაზო კოლექტივია ქუთაისის ოპერის თეატრი - სოლისტები, გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი.ფესტივალის მთავარი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, მთავარი რეჟისორი - მაია გაჩეჩილაძე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

























