ზუგდიდის ყოფილი მერი, რომლის მიმართაც სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, ამ დრომდე ჩეხეთში იმყოფება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი მერი, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ მეშვეობით გაავრცელა, ამ დრომდე ჩეხეთში იმყოფება. ლაშა გოგიას ზუგდიდში ორშაბათს ელოდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. ამავე ცნობით, ლაშა გოგია პრაღაში სასწავლო ვიზიტით 11 სექტემბერს გაემგზავრა.
„ლაშა გოგია „საქართველოს მუნიციპალიტეტების სავაჭრო პროექტების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილ სასწავლო პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც 11-დან 14 სექტემბრის ჩათვლით იმართება. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ლაშა გოგია ორშაბათს ზუგდიდში იქნება“, - განაცხადეს მერიაში.
ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. მანამდე ლაშა გოგია სუს-ში ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. დღეს კი უწყებაში დაკითხვაზე დაბარებულია უკვე ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა. მან თანამდებობა გუშინ დატოვა.
ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

























