ფოთში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ფოთში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ფოთში, ნაბადის უბანში რამდენიმე დღის წინ ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. ის მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ ჰოპიტალში გადიოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჰოსპიტალში განუცხადეს. მათივე ცნობით, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებულია.

„პაციენტი შემოყვანილ იქნა ფეთქებადი ნივთიერების მიერ მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანებით: ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინის შეშუპება, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული სისხლჩაქცევა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი, მარჯვენა წინამხრის ფრაგმენტული მოტეხილობა. მას ჩაუტარდა ტრეპანაცია, პლევრის ღრუს დრენირება, წინამხრის ამპუტაცია. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, თუმცა ტრავმა აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი“, - აცხადებენ საავადმყოფოში.

ფოთში, დაახლოებით ერთი კვირის ნაბადის უბანში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 41 წლის მამაკაცი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს, სავარაუდოდ, ხელყუმბარა, შემთხვევით აუფეთქდათ.

გამოძიება ორი 236-ე და 124-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.