ფოთის პორტში თურქული გემი „TCG BAYRAKTAR (L-402)“ შევიდა

ფოთის პორტში თურქული გემი „TCG BAYRAKTAR (L-402)“ შევიდა. გემზე ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საზღვაო სამხედრო სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტები იმყოფებიან და ისინი საზღვაო სწავლებას გაივლიან. ვიზიტის მიზანი, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული განმტკიცებაა.
„საქართველო და თურქეთი მეზობელი და მეგობარი ქვეყნებია. ეს ვიზიტი სწორედ ამ ურთიერთობების ფარგლებში ხორციელდება. ეს გახლავთ სამხედრო სასწავლებლის გემი, რომელზეც იმყოფება დაახლოებით 350 სტუდენტი. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენს შორის ურთიერთობები დღითიდე ვითარდება და სტუდენტებს მიეცემა შესაძლებლობა, ადგილზე ნახონ ეს შესანიშნავი ურთიერთობები“, - განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში მაქბულე ქოჩაკმა.
ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, მეგობარი ქვეყნის გემის ვიზიტი მნიშვნელოვანია.
„,ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მეგობარი ქვეყნების გემები შემოდის ჩვენს საზღვაო წყლებში. მოხარულები ვართ, რომ 350-ზე მეტ კურსანტს საშუალება ექნება დაათვალიეროს ჩვენი ქალაქის საინტერესო ადგილები, რაც კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავებას,“- აღნიშნა ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა.
გემი ,,TCG BAYRAKTAR (L-402)“ ფოთის პორტს 17 სექტემბერს დატოვებს.

























