ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში მომუშავეთა ნაწილი ბაზრის კედელთან კერძო მესაკუთრეების მიერ მარკეტების აშენებას აპროტესტებს

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში მომუშავეთა ნაწილი ბაზრის კედელთან კერძო მესაკუთრეების მიერ მარკეტების აშენებას აპროტესტებს

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში მომუშავეთა ნაწილი აქციას მართავს. ისინი ბაზრის კედელთან კერძო მესაკუთრეების მიერ მარკეტების აშენებას აპროტესტებენ. მათი თქმით, მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მის შეჩერებას მოითხოვენ.

„უკანონოდ იქცევიან და ჩვენც უკანონოდ მოვიქცევით. სხვანაირად ვერაფერს გავხდით და ახლა ამ ფორმით, აქციებით ვითხოვთ შეაჩერონ უკანონო მშენებლობა. აქ რომ მაღაზიებს ააშენებენ, მე სად ვიმუშავო? აქამდე გარემოვაჭრეები გვიშლიდნენ ახლა ესენი",- განაცხადა ლუიზა ფიფიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის ბაზარში მაღაზიების მშენებლობას პროტესტი საკრებულოში რამდენიმე კვირის წინ მოყვა. შპს „ცენტრალური სუპერმარკეტის" ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ბაზრის ღობე, რომლის დანგრევაც იგეგმება, მათი საკუთრებაა და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მშენებლობის შეჩერებას ითხოვდნენ. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ მოვაჭერეებს უთხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებოდა.

გარდა ამისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება ექსკლუზიურად საკრებულოს სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის სანდრო სორდიას მამაზე გაიცა. თავის მხრივ, სორდიას განმარტებით, მშენებლობის ნებართვა კანონიერად 22 ადამიანმა მიიღო და არა მხოლოდ მისმა ოჯახის წევრმა.

საკითხის მოკვლევის მიზნით, რამდენიმე დღის წინ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ანა წითლიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა.