დუისის მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს გეგმავენ

პანკისის მოსახლეობამ ჰესის მშენებელობასთან დაკავშირებული საკითხი განიხილა. ადგილობრივები დღეს დუისის კულტურის ცენტრში შეიკრიბნენ და დაახლოებით ერთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ "ხადორი 3" ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დააანონსეს.
შეკრებილების ინფორმაციით, გუშინ დუისის პოლიციის განყოფილების უფროსისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ ჰესის მშენებელობისთვის ხელი არ შეშალათ, რადგან ამით სახელმწიფოს ზიანს მიაყენებდნენ. მათივე თქმით, შეთანხმების თანახმად, 21 სექტემბრამდე, ვიდრე გარემოს დამცველები ჰესის მშენებლობით გამოწვეულ საფრთხეებზე დასკვნას არ დადებენ, სამუშაოები არ უნდა განახლებულიყო.
"ჩემთან მოვიდა დუისის პოლიციიის უფროსი და მითხრა, რომ ჰესის მშენებლობის გაგრძელებას აპირებდნენ, რაშიც ჩვენ ადგილობრივმა მოსახლეობას ხელი არ უნდა შევუშალოთ. ეს საუბარი უფრო თხოვნას გავდა, თუმცა მე ვარ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი და დღეს გადავწყვეტთ როგორი იქნება ჩვენი სამომავლო გეგმა", - განაცხადა ადგილობრივმა თამაზ ბაღაკაშვილმა.
ადგილობრივების ნაწილი მუქარის და ზეწოლის შესახებ საუბრობს.
"ფაქტიურად ეს არის პოლიციის მხრიდან ზეწოლა და მუქარა. ჩვენ პროტესტის გზით შევაჩერებინეთ სამშენებელო სამუშაოები და მაშინ შეთახმების მიხედვით გადაწყდა, რომ 21 სექტემბრამდე, ვიდრე სპეციალისტებს და სახელმწიფოს წარმომადგენლებს არ შევხვდებოდით, სამშენებლო პროცესი არ უნდა გაგრძელებულიყო. ჩვენ, ხეობის დიდი ნაწილი წინააღდმდეგი ვართ ჰესის მშენებლობის და ვიბრძოლებთ ამისთვის", - განაცხადა ადგილობრივმა შენგელი ტოხოსაშვილმა.

























