ახლობლების ინფორმაციით, ფოთში აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა დამძიმდა, ამიტომ ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს

ახლობლების ინფორმაციით, ფოთში აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა დამძიმდა, ამიტომ ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს

ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ირაკლი ქუხილავა, რომელიც ქალაქის კლინიკიდან დღეს დილით გაწერეს, ოჯახმა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ დაშავებულის ახლობელმა დავით ბასილაიამ განუცხადა.

მისი თქმით, დაშავებულს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და შოკურ მდგომარეობაში იყო.

„ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამიტომ მისი გადაყვანის გადაწყვეტილება მივიღეთ. მას ჩაუტარდა ყველა შესაბამისი გამოკვლევა და როგორც ვიცით, დაახლოებით ერთი კვირა კლინიკაში დარჩება,“- აღნიშნა დავით ბასილაიამ.

ფოთში აფეთქების დროს გარდაცვლილი რომან სიჭინავა და ერთ-ერთი დაშავებული პირი გოგა სიგუა, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული მეზობლები იყვნენ. ოჯახის ახლობლები მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტსა და დაპირისპირებას გამორიცხავენ.

„რომან სიჭინავა და გოგა სიგუა მეზობლები იყვნენ, ერთად გაიზარდნენ. მათ შორის კონფლიქტი არასოდეს მომხდარა. ვის ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობა და რა მოხდა, ამის შესახებ არაფერი ვიცით. გოგა მშრომელი და პატიოსანი ბიჭია, ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს გოგა სიგუას ახლობელმა.

ფოთში გამთენიისას მოხდარი შემთხვევის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.