იმერეთიდან 14 წარჩინებული მოსწავლე და 2 პედაგოგი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიაში გაემგზავრა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა- გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან ერთად 14 წარჩინებული მოსწავლე და 2 პედაგოგი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიაში გააცილა, -ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მხარის რწმუნებული ბავშვებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტში შეხვდა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.
„თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი ჩვენი რეგიონი და საკუთარი მუნიციპალიტეტები წარმოაჩინოთ და გააცნოთ ლატვიელ ახალგაზრდებს. თქვენ უნდა დააინტერესოთ თითოეული მათგანი, რომ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეთ. ვიცი, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიწვეული ხართ ლატვიაში საქართველოს საელჩოში, გაქვთ შეხვედრები სხვადასხვა სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში. მინდა, ნაყოფიერად გამოიყენოთ ყველა შეხვედრა. კარგია, რომ იმერეთზე პრეზენტაცია გაქვთ მომზადებული და აპირებთ ყველა შეხვედრაზე აჩვენოთ. მე გპირდებით ყოველთვის ხელს შევუწყობ ნიჭიერი ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასა და ჩართულობას. გისურვებთ საინტერესო ვიზიტს“, – აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთში უახლოეს პერიოდში ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან 15 წარჩინებული მოსწავლის გამგზავრება იგეგმება.

























