მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი მუცოს აღდგენის პროექტს გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე მუცოში მიმდინარე პროექტს გაეცნო და ტურისტების შთაბეჭდილებით დაინტერესდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის გუბერნიიდან აცნობეს, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვედა უბნის კოშკებსა და შენობა-ნაგებობებს. აღდგა 20-მდე ციხე-კოშკი. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს იგეგმება სოფლის ზედა უბნის სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული მოწყობა.
„შალვა კერესელიძე იქ მყოფ ტურისტებს გაესაუბრა, მათი შთაბეჭდილებებისა და იმ საჭიროებების შესახებ მოისმინა, რომლის გათვალისწინებაც მუცოს კიდევ უფრო მიმზიდველ ტურისტულ ობიექტად აქცევს.
ტურიზმის ხელშეწყობა რეგიონში გუბერნატორის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით ტურისტული ზონების დათვალიერება და იქ არსებული ვითარების გაცნობა მომავალშიც გაგრძელდება.
მუცოში ასევე იმყოფებოდნენ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი და დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
შალვა კერესელიძე სასაზღვრო ზონას ესტუმრა და მესაზღვრეებს პირადად გაესაუბრა. სასაზღვრო ზოლზე მესაზღვრეები კავკასიონზე საქართველოს უსაფრთხოების სადარაჯოზე ძირითადად ხევსურეთის მაღალმთიანი სოფლის მკვიდრები არიან“, - ნათქვამია მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























