ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში არსებული მდგომარეობა ბავშვებისთვის საფრთხის შემცველად შეფასდა

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში არსებული მდგომარეობა ბავშვებისთვის საფრთხის შემცველად შეფასდა

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში არსებული მდგომარეობა ბავშვებისთვის საფრთხის შემცველად შეფასდა. სკოლაში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მას შემდეგ შევიდა, რაც ჭერი ჩამოინგრა. ბიუროს დასკვნით, სკოლის ნაწილში არსებული მდგომარეობა დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას მოითხოვს.

არსებული ინფორმაციით, სკოლაში რეაბილიტირებული ჭერის ნგრევა, რემონტის დროს საყრდენი კედლების მოხსნამ გამოიწვია.

სკოლის ნაწილში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს სკოლის დირექტორი მურაბ ჯიშკარიანი. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, დასკვნის თანახმად, განმეორებით რეაბილიტაციას 90 კვ. მეტრ ფართობი საჭიროებს. ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, რომ ჭერის ჩამოვარდნა მიშენებული ოთახების ნგრევას გამოეწვია.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი არ შეფერხდება და არც ბავშვებს შეექმნებათ საფრთხე. ამასთან, ადგილზე არსებული სამი კლასი სხვა ოთახებში გადანაწილდება.

"როგორ ფიქრობთ, რამე საფრთხე რომ იყოს, დავუშვებდით პარალელურად რეაბილიტაციას? ეს ტერიტორია ჩაიკეტება და ბავშვებს მასთან შეხება არ ექნებათ", - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.

სამუშაოებს განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი აფინანსებს. სკოლაში მდგომარეობის შესწავლაც ბიუროს სწორედ სააგენტომ შეუკვეთა.

განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპარტამენტმა ისევ მიმართა წერილობით ექსპერტიზის ბიუროს, რომ მოხდეს იმ არეალის განსაზღვრა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. მისივე ინფორაციით, დეპარტამენტი პასუხისმგებლობას იღებს, რომ რეაბილიტაცია დროულად მოხდება და საფრთხე არ შეექმნებათ არც ბავშვებს და არც სასწავლო პროცესს.

სწავლის პარალელურად სკოლაში სარემონტო სამუშაოებს აპროტესტებენ მშობლები, მათი თქმით, მტვრის გამო ბავშვებს საფრთხეს შეექმნებათ.