„ბათუმობა 2018“ საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნეს

სასტუმრო „ჰილტონში“ „ბათუმობასთან“ დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ღონისძიებას საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები: დავით თედორაძე, ილია ვერძაძე, პეტრე ზამბახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ბათუმის მერიის, საკრებულოსა და ბათუმთან დაძმობილებული ქალაქების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიებაზე უკრაინის ქალაქ უმენთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და გაიმართა საპატიო ბათუმელების დაჯილდოება. წელს საპატიო ბათუმელის წოდება 4 ადამიანს მიენიჭა, მათგან ერთს-ჯიმსონ გურგენიძეს სიგელი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გადასცა.
საზეიმო მიღებამდე „ბათუმობა 2018“ სახალხო მსვლელობით ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან დაიწყო და ევროპის მოედნამდე გაგრძელდა.
ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილებს ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ დღესასწაული მიულოცა და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს ბათუმზე, ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებზე ზრუნვისათვის მადლობა გადაუხადა. დღესასწაულის მონაწილეები ადგილობრივმა და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულმა ბენდებმა გაახალისეს. ბათუმ-ქალაქობის მთავარი ღონისძიებები კი ძველ ბათუმში გაიმართა, სადაც 19-საუკუნის ზღვისპირა ქალაქი იყო გაცოცხლებული, მოეწყო გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიებები.
„ბათუმობა 2018“ პიაცაზე დაგეგმილი კონცერტით დასრულდება.

























