გორის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტი „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება შიდა ქართლში“ დასრულდა

შინდისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სკრისა და ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ 70-მდე ახალგაზრდას 4 თვის განმავლობაში ტრენინგები უტარდებოდათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დასრულდა პროექტი „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება შიდა ქართლში“, რომელიც გორის მერიის მიერ დაფინანსდა.
პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა პროქტის მონაწილეების, ორგანიზატორების და დონორი ორგანიზაციის ჩართულობით დღეს გაიმართა.
„გორის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდების განვითარებას. ეს პროექტი არა მარტო საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და არაფორმალური განათლების მიღებაში დაეხმარა ამ ახალგაზრდებს. მათ ენის ბარიერი დაძლიეს. ეს კიდევ ერთი პლიუსია მსგავსი პროექტების, როდესაც მონაწილეებს უცხოენოვან მოხალისეებთან უწევთ პირდაპირი კონტაქტი,“ - განაცხადა შეხვედრაზე ეკატერინე სუხიშვილმა.
ახალგაზრდული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტში მონაწილეობას შინდისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სკრისა და ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 70-მდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები ადვოკატირებასა და ლობირებაზე, მედიაციასა და კონფლიქტის მოგვარებაზე, ბავშვთა უფლებებზე და გენდერზე. პროექტის მონაწილეებმა მოამზადეს საინფორმაციო ხასიათის სიუჟეტები, მოაწყვეს დასუფთავების აქციები და სპორტული ღონისძიებები. აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები ოკუპაციის მუზეუმში. საზაფხულო სკოლის პერიოდში ქართლოსისა და „EVS“ - ის პროგრამის მოხალისეებმა ერთობლივი აქტივობები განახორციელეს.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების თანადაფინანსებისა და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 5 155 ლარით დაფინანსდა.

























