ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი გზა გაიხსნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი გზა გაიხსნა

ქობულეთში, სოფელ წყავროკაში ოზურგეთის მიმართულებით ცენტრალური საავტომობილო გზა გაიხსნა. აქციის მონაწილეებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე შეხვდა და განუცხადა, რომ მოსახლეობას ხელისუფლება რიგი მიზეზების გამო კომპენსაციას ვერ მისცემს. რაც შეეხება აგროსესხებთან დაკავშირებით მოსახლეობის პრეტენზიებს, მინისტრმა აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ ხელისუფლება ბანკებთან და საფინანსო ორგანიზაციებთან შუამდგომლობას გაუწევს და სესხების გადავადება მოხდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში სოფელ წყავროკას მოსახლეობას ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტილი ჰქონდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკის მოსახლეობის მიერ ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვას აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოყვა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელში ხეხილი ფაროსანამ გაანადგურა და მოსავლის გარეშე დარჩნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წელს თხილის მოსავალი ვერ მიიღეს და შესაბამისად, საბანკო დავალიანებას ვერ გადაიხდიან. ადგილობრივები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას და კომპენსაციის გამოყოფას ითხოვდნენ.