თელავის მუნიციპალიტეტში სანიორე-ნაფარეულის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

თელავის მუნიციპალიტეტში სანიორე-ნაფარეულის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

თელავის მუნიციპალიტეტში სანიორე-ნაფარეულის რიგით 54-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, მედიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლები.

როგორც თელავის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს ყველა ის მომსახურება, რასაც იუსტიციის სახლი სთავაზობს.

„აქვე შესაძლებელი იქნება კომპანია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ სერვისებით სარგებლობა. ცენტრის ტერიტორიაზე უფასო უსადენო ინტერნეტი გავრცელდება, ხოლო ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა იფუნქციონირებს, სადაც დაცული იქნება როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური გამოცემები. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ცენტრში გამოიფინა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1918-21 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო და წერილობითი მასალა”, - ნათქვამია თელავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სახალისო ვიქტორინა და კონცერტი გაიმართა.