ზესტაფონის მერი სოფელ ბოსლევის მოსახლეობას შეხვდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, კახაბერ მახათაძე ამჯერად სოფელ ბოსლევში იმყოფებოდა.
ბოსლევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ, ქებაძეებისა და ტყემალაძეების უბნის მოსახლეობას, ძირითადად სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. პრობლემის გადაჭრა კი ადგილზე არსებული წყალსაქაჩი სისტემის გამართვის შედეგადაა შესაძლებელი.
„უბანში არის წყარო, რომლიდანაც შესაძლებელია წყალი ჩაიტუმბოს ლითონის ავზში და იქედან მიეწოდოს მოსახლეობას. წყაროზე უკვე დაერთებულია 50 მმ-იანი მილი და სისტემის გამართვა წლის ბოლომდე დასრულდება“, - აღნიშნა მერის თანაშემწემ, ოლეგ ჭანკოტაძემ.
მერთან შეხვედრაზე, სოფლის მოსახლეობამ, ბუნებრივი აირის მაგისტრალის შემოყვანის საკითხიც დასვა.
„გაზის შემოყვანის საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე არ წყდება, ჩვენ შეგვიძლია შუამდგომლობა გავუწიოთ სოფელს; მეზობელ სოფელში უკვე შემოყვანილია და მომავალი წლის პრიორიტეტებში აუცილებლად გავითვალისწინებთ ამას. რაც შეეხება წყალს, 2018 წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ წყალსაქაჩი მოწყობილობის გამართვა, რითაც ამ უბანში მაცხოვრებელი, დაახლოებით 30-40 ოჯახი ისარგებლებს“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

























