ბათუმში საღებავების სავაჭრო ობიექტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში საღებავების სავაჭრო ობიექტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, პუშკინისა და წერეთლის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საღებავების მაღაზიებში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს.

ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის 12 ბრიგადა და 65 მაშველი-მეხანძრე იმყოფება და ახლა უკვე ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ხანძარი დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და საღებავების 10-მდე მაღაზია დაიწვა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები იწყებენ მუშაობას. მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც.

ბათუმში სავაჭრო ობიექტებს ხანძარი ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე აჭარის რეგიონის პირველი პირები იმყოფებოდნენ. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, შესაბამისი კომისია ზარალს შეისწავლის და შემდეგ მთავრობა იმსჯელებს, რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს.

თავის მხრივ, მაღაზიების მეპატრონეები ზარალის დიდ ოდენობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ სავაჭრო ობიექტები დაზღვეული არ ჰქონდათ, რის გამოც დახმარებას ითხოვენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.