საია - აჭარაში პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების დროული გამოძიება უნდა მოხდეს

საია - აჭარაში პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების დროული გამოძიება უნდა მოხდეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიციელთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულების დროულ გამოძიებას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, 2016-2017 წლებში ჩადენილ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე გამოძიება მიზანმინართულად ჭიანურდება.

როგორც საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, საქმე იმ სამ საკითხს ეხება, რომელიც აჭარის რეგიონში მოხდა. ორგანიზაცია პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"საკითხი პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს ეხება, ასეთი აჭარაში სამი საქმე არსებობს. არც ერთ ამ საქმესთან მიმართებაში არ დამდგარა სამართალდამცავების პასუხისმგებლობის საკითხი. პირველი- 2016 წლის 26 ივლისს, შს სამინისტროს ბათუმის მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა პირს ადმინისტრაციული დაკავების დროს მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება. მეორე - 2017 წლის 25 აგვისტოს ტრანაგენდერი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას ჰქონდა ადგილი და ამ დრომდე გაჭიანურებულია საგამოძიებო პროცესები. გამოძიება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაიწყო, მაშინ როცა სისხლის სამართლის მუხლით უნდა დაწყებულიყო. მესამე- 2017 წლის 12 სექტემბერს დაკავების დროს სამართალდამცავებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, თუმცა ამ დრომდე არ მომხდარა მისი დაზარალებულად ცნობა. ამ დრომდე უცნობია რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს სამართალდამცავებმა. სამივე შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათზე სრულფასოვნადაც არ მიმდინარეობს გამოძიება. ვითხოვთ დროულად და ობიექტურად მოხდეს გამოძიება", - განაცხადა საია-ს ორგანიზაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.