ფოთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გააპროტესტა

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გააპროტესტა.
მათი განცხადებით, მაშინ, როცა ქალაქში უამრავი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემაა, სხვადსახვა ხარჯები და მერიის ა(ა)იპის - „სოციალური კვლევის ცენტრის“ სახელფასო ფონდი არ უნდა იზრდებოდეს.
„სანიაღვრე არხების და გზების შეკეთებას მოაკლეს თანხა და ამის ხარჯზე სახელფასო ფონდი გაზარდეს . იმ ა(ა)იპი-ში ისეთი ხალხია დასაქმებული, რომელიც სამსახურშიც არ დადის, სახლში სხედან და ისე მიუდით ხელფასი. რას ემსახურება „სოციალური კვლევის ცენტრი“, არც ეს ვიცი. ფოთი ყოველი ძლიერი წვიმის დროს იტბორება, მოსახლეობა საშინელ მდგომარეობაშია და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას რომ მოაკლებ და სახელფასოში გაუშვებ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა? რამდენად არის ეს ბიუჯეტი ხალხზე მორგებული, ძალიან მაინტერესებს და ხელისუფლებამ გამცეს ამაზე პასუხი. ფოთში ზღვა სოციალური პრობლემაა, ბიუჯეტი მოსახლეობაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მარტო „ქართული ოცნების“ მომხრეებზე. ამ ქალაქში ხომ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტად სჭირდებათ დახმარება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს წევრმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, ოპოზიციის პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს.
„წინა მოწვევის საკრებულო 15 ადამიანისგან იყო შემდგარი, ახლა 25 დეპუტატითაა დაკომპლექტებული. შეიქმნა დამატებითი ფრაქციები და შესაბამისად, ხარჯებიც გაიზარდა. ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ პროექტს ბიუჯეტის ცვლილებაზე,“ - განაცხადა ირაკლი კაკულიამ.
მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტს ბიუჯეტის ცვლილებებზე დღეს საკრებულოს სხდომაზე არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა.

























