ციხისძირში ხის გადატანის დროს ინციდენტი მოხდა

ციხისძირში ხის გადატანის დროს ინციდენტი მოხდა

"ქართული ოცნების" აქტივისტებმა ბათუმისა და ქობულეთის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ბონდო თედორაძე, როინ ზოიძე და ნოდარ დუმბაძე სცემეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა განუცხადა.

მისი თქმით, ციხისძირდან გურიაში ხის გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც თედორაძე და დუმბაძე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიიდან სანებართვო დოკუმენტებს ითხოვდნენ, როდესაც მათ თავს დაესხნენ. ელგუჯა ბაგრატიონის ინფორმაციით, დაშავებულებს ადგილზე უტარდებათ პირველადი დახმარება. ასევე, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

"ცემის ფაქტს პოლიცია ხედავდა. ოპოზიციის წევრები აიპებში დასაქმებულმა "ოცნების" აქტივისტებმა და ძმებმა შავიშვილებმა სცემეს. ვაჟა შავიშვილი ქობულეთის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრია, მისი ძმა კი ე.წ "კა-გე-ბეს" წევრი იყო ასლან აბაშიძის დროს.

ნაცემია ბონდო თედორაძე, ნოდარ დუმბაძე და როინ ზოიძე. პოლიციას ვთხოვთ, საქმე აღძრას. ამ წუთებში მათ პირველადი დახმარება უტარდებათ",- აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.