პროკურორი - სასამართლომ ბაჩანა ახალაია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაში, რასაც ბრალდების მხარე ედავებოდა

სასამართლომ ბაჩანა ახალაია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაში, რასაც ბრალდების მხარე ედავებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმის პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლომ ახალაიას მიმართ გამამართლებელი განჩენი მხოლოდ ორ ეპიზოდში დაადგინა, თუმცა ამის მიხედავად ყველა ბრალში, რაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჰქონდა წარდგენილი, გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა.
"დღევანდელი განაჩენით სასამართლომ ბრალდებულები ბაჩანა ახალია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი დამნაშავედ სცნო ყველა ბრალდებაში, რასაც ბრალდების მხარე ედავებოდა. მათ შორის სერგო თეთრაძის მიმართ განხორციელებულ წამებასა და არადაამიანურ მოპყრობაში, ასევე მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ორგანიზებაში. ახალაია დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით ლონდარიძისა და გიორგი გორელაშვილის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში. საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 3 წლით. რაც შეეხება ნიკოლოზ ძიმცეიშვილის, სასამართლომ ისიც დამნაშავედ ცნო წარდგენილ ყველა ბრალში და საბოლოოდ სასჯელის სახით, 4 წლით თავისუფლება შეუფარდა", - აღნიშნა პროკურორმა.
მაია ჯვარშეიშვილის განმარტებით, ბაჩო ახალაიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე მეოთხე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. კერძოდ, პროკურორის თქმით, აქამდე ახალაია ნავთლუღის სპეცოპერაციის, გირგვლიანისა და ციხის ბუნტის საქმეზე გამტყუნდა, თუმცა პროკურორის თქმით, ციხის ბუნტის საქმეზე, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და ახლა მხოლოდ ორი საქმიდან გამომდინარე დანიშნულ სასჯელს იხდის. პროკურორი ასევე განმარტავს, რომ 9 - წლიანი პატიმრობის მოხდის ვადაში ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდიც ჩაეთვლება.

























