„საქართველოს ბანკმა“ სპეციალურად ტურისტებისთვის Tourist Card შექმნა

„საქართველოს ბანკმა“ ტურისტებისთვის Tourist Card შექმნა. Tourist Card „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათია, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ ტურისტს შესაძლებლობას მისცემს ბარათით გადაიხადოს მგზავრობის საფასური მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსში და საბაგიროთი მგზავრობისას. ასევე ისარგებლოს ფასდაკლებით სხვადასხვა ობიექტებში, კაფე - ბარებსა და რესტორნებში, ასევე მუზეუმებსა და ტურისტულ კომპანიებში, სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში.
ახალი პროექტის პრეზენტაცია „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისში „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ გომართელმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გამართეს.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოში ტურიზმის დინამიურ განვითარებასთან ერთად სხვადასხვა ბიზნესები ქმნიან ახალ პროდუქტებსა და სერვისებს. მათ შორის აღსანიშნავია „საქართველოს ბანკის“ პროექტი, რომელიც ტურისტული ბარათის შექმნას გულისხმობს და ადამიანებს საშუალება ექნებათ, როგორც ტრანსპორტში, ასევე ფასდაკლებებისთვის გამოიყენონ“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
„ამ პროექტით სარგებლობა ფაქტობრივად დღეიდან შეიძლება. ეს არის თავისი შინაარსით საბანკო ბარათი და მისი მფლობელი მოახდენს ანგარიშგებას ნებისმიერ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტში. ამას გარდა ბარათით გადახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც იქნება შესაძლებელი. ყველაფერთან ერთად მომხმარებელი მიიღებს 15-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლებებს სავაჭრო ობიექტებში და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ერთ დღეში ტურისტები შეძლებენ ჩვენი ბარათის მეშვეობით 50-დან 100 ლარამდე თანხა დაზოგონ“, - აღნიშნა მიხეილ გომართელმა.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, Tourist Card-ით გადახდა შესაძლებელია ყველგან, ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალით. ბარათის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, ხოლო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ბარათის შეძენისთანავე.
ამასთან, როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, ტურისტები „საქართველოს ბანკის“ ბარათით ისარგებლებენ არაერთ მათთვის საჭირო ბენეფიტითა და ფასდაკლებით. მათ შორის Tourist Card-ის მფლობელი საჩუქრად მიიღებს „მაგთის“ სიმ-ბარათს და 1000 მეგაბაიტის მოცულობის ინტერნეტს. Tourist Card-ის შეძენა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ „ექსპრეს“ სერვისცენტრებში.
(R)

























