126-წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ვაკეში ახალი ფილიალი გახსნა

126- წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ვაკეში ახალი ფილიალი გახსნა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ახალი ფილიალი აბულაძის ქუჩაზე, #34-ში მდებარეობს. გახსნის ცერემონიალს „PSP–ს ჯგუფის“ დამფუძნებლები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ახალი ცენტრი პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება.
როგორც ღონისძიებაზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, ახალი ფილიალი ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და მასში ოფთალმოლოგიური სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისთვის.
მისივე თქმით, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს სთავაზობს ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიურ სერვისებს. კერძოდ, სათვალის მოხსნა ფემტოსეკონდ ლაზერით, კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია, ბადურის და გლაუკომის ქირურგია და სხვა.
„მოგეხსენებათ, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი უკვე 126 წლიან ისტორიას ითვლის. ჩვენ, „ნიუ ჰოსპიტალსი“, ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრის სამართალმემკვიდრე ვართ და ყოველნაირად ვცდილობთ, განვავითაროთ ჩვენი ისედაც ლიდერული პოზიციები ჩვენი პაციენტების საკეთილდღეოდ. სწორედ იმისათვის, რომ ხარისხიანი ოფთალმოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობა შესაძლებელი იყოს, ჩვენი მიზანია საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ფილიალი გავხსნათ. დღეს ჩვენ გავხსენით ვაკის ფილიალი. წლის ბოლომდე ვგეგმავთ ახალი ფილიალების გახსნას. კერძოდ, სულ ხუთი ფილიალის გახსნა იგეგმება, მათგან სამი თბილისის სხვადასხვა რაიონებში იქნება“, – განაცხადა რამიშვილმა.
როგორც „ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით ლიდერია. ის 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

























