კომპანია „ბადაგონის“ ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი - გიორგი სალაყაიამ 2015 წელს 30-მილიონიანი დავალიანების მქონე "ბადაგონი" სამ წელიწადში ქართული მეღვინეობის ლიდერ კომპანიად აქცია (R)

კომპანია „ბადაგონის“ ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი - გიორგი სალაყაიამ 2015 წელს 30-მილიონიანი დავალიანების მქონე "ბადაგონი" სამ წელიწადში ქართული მეღვინეობის ლიდერ კომპანიად აქცია (R)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს გამოძიებას საჩივრის ავტორის, ვლადიმერ ჯანჯღავას წილის „ბადაგონის“ მესაკუთრის - გიორგი სალაყაიას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე. სამართლებრივად ძალიან უცნაური ვითარებაა სახეზე. რაში გამოიხატება უცნაურობა, ამაზე ბევრი შეიძლება ითქვას, თუმცა ამჯერად ორ სამართლებრივ არგუმენტზე გავამახვილებდი ყურადღებას:

პირველი: გიორგი სალაყაიას მიმართ მიმდინარეობს გამოძიება წილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით იმის პარალელურად, რომ საჩივრის ავტორი, ბატონი ჯანჯღავა აცხადებს, რომ მან წილი თავისი ნებით, ყოველგვარი იძულების გარეშე, კონკრეტული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა სალაყაიას. თუმცა ჯანჯღავა იქვე ამატებს - დროებით გადავუფორმე და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უკან უნდა დაებრუნებინა წილი ჩემთვის სალაყაიასო. საგულისხმოა, რომ არსად, არცერთ დოკუმენტში არ არის მითითებული ის, რომ რაიმე „წილის დროებით გადაფორმებასთან“ გვაქვს საქმე ან ის, რომ რაიმე ვადაზე იყვნენ მხარეები შეთანხმებული. პირიქით, სახეზეა 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა მიმართ არც მარეგისტრირებელ საჯარო რეესტრს არ გასჩენია კითხვა თავის დროზე და უკვე 3 წელზე მეტია ბატონი სალაყაია ამ წილს ფლობს და ექცევა როგორც საკუთარს. ისმის კითხვა: სად არის აქ წილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, თუკი ბატონმა ჯანჯღავამ ნება გამოავლინა და თავად თავისი ნებით, როგორც თვითონ ამბობს, ყოველგვარი იძულების გარეშე, ნასყიდობის გზით გადააფორმა წილი?!

მეორე უცნაური მოვლენა ის გახლავთ, რომ სახეზე გვაქვს სამეწარმეო სამართლებრივი შინაარსის მოთხოვნა - ერთი ბიზნესმენი მეორეს ედავება 2015 წელს გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკითხებს. ამის გათვალისწინებით, ნაცვლად იმისა, რომ მოდავე მხარემ მიმართოს სასამართლოს და ეცადოს, რომ მყიდველი მხარისადმი საკუთარი პრეტენზია (რომ ნასყიდობის რაიმე პირობა არ არის შესრულებული) რამენაირად დაასაბუთოს, ბატონი ჯანჯღავა მიმართავს გამოძიებას და წილის ნასყიდობის გაფორმებიდან 3 წლის შემდეგ გაკეთებული ამ განცხადების საფუძველზე - ისე, რომ რაიმე მტკიცებულება ბატონ ჯანჯღავას წილის დროებითი „თხოვების შესახებ არ გააჩნია“ (არადა ამას დაობს ბატონი ჯანჯღავა), იწყება გამოძიება. ყოველივე ეს ერთად, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ბადებს კითხვებს.

საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება. ჩვენ განვითარებადი დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ამიტომ ორმაგად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში (რომელიც რა თქმა უნდა აკვირდება ყველაფერს) რომ ამა თუ იმ სამართლებრივი ქმედების ირგვლივ კითხვები არ დარჩეს. მით უფრო, თუკი ეს ეხება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს. როდესაც საქმე ქვეყანაში ლიდერის პოზიციის მქონე ღვინის კომპანიას ეხება, რომელიც 2017 წლის შედეგებით სახელმწიფოს მიერვე იქნა აღიარებული, როგორც ლიდერი ქართული ღვინის ექსპორტიორთა შორის, როგორც ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ამ დარგში და გადამხდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, ასეთი კომპანიის მიმართ დაუსაბუთებელი მტკიცებულების გარეშე (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ) დაწყებული გამოძიება კითხვებს აუცილებლად ბადებს და ეს ჩვენი აზრით არ მეტყველებს სამართლებრივ კლიმატზე დადებითად.

ამ ყველაფრის ფონზე სამართლებრივი მოცემულობა სხვა გამოსავალს არავის უტოვებს და რაც მალე მოხდება ეს, მით უფრო მოგებული დარჩება ყველა - ქართული საზოგადოება (რომელსაც გაუჩნდება განცდა, რომ ჩვენ იმ სამართლებრივ პოლიტიკას, რაც 2013 წლამდე ხორციელდებოდა, მართლაც დავემშვიდობეთ), სახელმწიფო (ის კითხვები, რაც „ბადაგონის“ საქმეზე სახელმწიფოს მიმართ, როგორც ჩვენ ვისმენთ, საერთაშორისო საზოგადოებას გაუჩნდა, დროულად იქნება აღმოფხვრილი კანონის უზენაესობის და სამართლის უზენაესობის სასარგებლოდ), ქართული ღვინის ბიზნესი (ის შეინარჩუნებს მოწინავე მოთამაშეს ამ სეგმენტში) და ასევე ის მხარე, ვინც ეს ყველაფერი დაიწყო, რადგან ის ერთადერთ სწორ სამართლებრივ გზას მონახავს, რაც, ჩვენი აზრით, თავიდანვე უნდა აერჩია - სამოქალაქო დავა.

ჩვენ მხარეს მტკიცებულებები დიდი ხნის წინ გვაქვს როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისათვის ნაჩვენები და წარდგენილი ყველა სახელმწიფო და საგამოძიებო უწყებაში: გიორგი სალაყაიამ იყიდა წილი, იყიდა კანონიერად, კანონიერად დაარეგისტრირა ეს წილი 3 წლის წინ, კანონიერად გახდა 100% წილის მესაკუთრე, კანონიერად, როგორც 100% წილის მესაკუთრე მოქმედებს ეს წლებია, კანონიერად - კანონიერად - კანონიერად, ყველაფერი კანონიერად აქვს როგორც წილის კანონიერი გზით შემძენს გაკეთებული. ამას ის გვათქმევინებს, რომ რაიმე საბუთი ან მტკიცებულება იმისა, რომ მან უკანონოდ, იძულებით ან მოტყუებით შეიძინა წილი, ბუნებაში არ არსებობს. თავად საჩივრის ავტორი ამბობს, რომ იძულებას, მოტყუებას წილის გაფორმებისას არ ჰქონდა ადგილი, თავად ამბობს რომ მისი ნების შესაბამისად მოაწერა ხელი ნასყიდობის ხელშეკრულებას. აბა მაშინ რასთან გვაქვს საქმე არ გიჩნდებათ კითხვა? ის დავიჯეროთ, რომ სალაყაია დაპირდა წილის უკან დაბრუნებას და არ დაუბრუნა? რაც არსად არ არის გაწერილი და ეს მხოლოდ 3 წლის გასვლის შემდეგ თქვა ხმამაღლა ბატონმა ჯანჯღავამ? რთულია ამის დაჯერება და მერე ამის დადასტურება იმ სტანდარტით, რა სტანდარტებსაც სამართალი ითხოვს.

გიორგი სალაყაიამ 2015 წელს შეისყიდა გაკოტრების წინაშე მდგომი კომპანია. მან პირადი და მისი ახლობლების ქონების დაკარგვის ხარჯზე მოიზიდა დაფინანსება (ამ მტკიცებულებებს რა თქმა უნდა დამატებით წარვადგენთ, თუ საქმე მივა სასამართლომდე) და 2015 წლის უარყოფითი ბალანსი, როდესაც მარტო ბანკის და მიმწოდებლების მიმართ დავალიანება 30 მილიონამდე იყო, ეს კომპანია 2017 წელს აქცია ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად მეღვინეობის დარგში, ყველაზე მსხვილ გადამხდელად და ყველაზე დიდ ღვინის ექსპორტიორ კომპანიად, რითაც ქართულ პროდუქციას უდიდეს რეკლამას უკეთებს უცხოეთში და ამით ჭეშმარიტად ქართულ საქმეს აკეთებს.

„ბადაგონი“ 2017 წლის დეკემბერში, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა. თუკი მოვახდენთ შედარებას იმ პერიოდთან, როდესაც, როგორც ბატონი ჯანჯღავა აცხადებს, ის იყო ჯერ კიდევ მეწილე (თუმცა ეს პიროვნება „ბადაგონის“ მეწილე არასდროს ყოფილა - ესეც მარტივად დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით), ყოველ შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს „მის დროს“, „ბადაგონს“ ამხელა წარმატებები არ ჰქონია.

თუმცა მთავარი ისაა, რომ ამ მძიმე მდგომარეობაშიც, „ბადაგონი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სტატუსს და იმ დიდ აღიარებას, რაც საერთაშორისო ასპარეზზე მისმა ღვინოებმა მოიპოვეს და კიდევ ერთხელ აკეთებს და მუდამ გააკეთებს ქართულ საქმეს - შორს და ფართო საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანს საქართველოს სახელს წარმატებით, რასაც ამ ბოლო ორი თვის მანძილზე მოპოვებული 5 ჯილდოც მოწმობს.

(R)