ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება" ხვალიდან საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვით აქციებს გეგმავს

ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება" ხვალიდან საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვით აქციებს გეგმავს

ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კვირკველიას განცხადებით, ხვალიდან ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვითაქციები დაიწყება.

როგორც ირაკლი კვირკველიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა ჩაჩანიძე ხელს არ აწერს იმ საკითხებს, რომლებიც დღეს ბორჯომის საკრებულომ მიიღო და ამით კანონს არღვევს. მისივე თქმით, ბორჯომის საკრებულომ დღეს 29 საკითხი მიიღო, ამის შემდეგ სხდომა კვლავ გაგრძელდა და "ყველამ ერთად მხარი დაუჭირა 30-ე საკითხს, რომელიც თანამშრომლების ხელფასს ეხებოდა".

"ეს საკითხიც დამტკიცებულია და საკრებულოს თავმჯდომარე არც ამას აწერს ხელს. აქედან გამომდინარე, ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია. ეს არის ყველანაირი დადასტურებით ნიკანორ მელიას, "ნაციონალური მოძრაობის" და ზაზა ჩაჩანიძის ერთობლივი საბოტაჟი ჩვენი ქალაქის და მოსახლეობის წინაშე. ხვალიდან დაიწყება აქციები, რომ ადამიანები, რომლებიც კანონს არ ასრულებენ, მოშორდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტს და ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გააგრძელოს საქმიანობა ნორმალურ სიტუაციაში", - განაცხადა ირაკლი კვირკველიამ.

ბორჯომის საკრებულოს შენობა ბორჯომის მერიის თანამშრომლებს პიკეტირებული აქვთ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტია ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა განუცხადეს, მერიის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას მოითხოვენ.

მათივე ინფორმაციით, რაიონის საკრებულოში უმცირესობაში მყოფმა ”ქართულმა ოცნებამ” ჩუმად ჩაატარა საკრებულოს სხდომა და დაამტკიცა მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატება.