,,საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ“ ზრუნვის სისტემის შეფასების პირველი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

,,საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ“, ,,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან“ (CTC) თანამშრომლობით, სასტუმრო „რედისონში“ ზრუნვის სისტემის შეფასების პირველი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
აღნიშნული ანგარიში მომზადებულია „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის” (HC&HRRC) თანადგომით.
როგორც „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“ თავმჯდომარემ უჩა ვახანიამ განაცხადა, კვლევა სამ მიმართულებას ეხება: შინ მოვლას, ფსიქიკური ჯანმრთელობასა და წამალდამოკიდებულებას.
„საქართველოს ზრუნვის პლატფორმა“ მიზნად ისახავს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ, ინტეგრირებულ სოციალური და ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას ერთიანი ზრუნვის სისტემის ქუდის ქვეშ. ამ მიზნით, ჩვენ რიგ აქტივობებს ვახორციელებთ, მათ შორის დღეს წარმოვადგენთ ზრუნვის სისტემის შეფასების პირველ ანგარიშს. ჩატარდა ზრუნვის სისტემის ქვეშ გაერთიანებული სამივე სფეროს შეფასება, გამოვლინდა ნაკლოვანებები, ხარვეზები, რომლებიც შემდგომ რეაგირებას საჭიროებს. ანგარიშში წარმოდგენილია რეკმენდაციები, რომლებიც დღეს წარედგინება, საზოგადოებასა და დაინტერებულ პირებს. ჩვენ კვლევა სამ თემატურ სექტორში ჩავატარეთ: შინ მოვლა, ფსიქიკური ჯანმრთელობა და წამალდამოკიდებულება. გარკვეული ასიმეტრია გამოვლინდა, კერძოდ შინ მოვლა გაცილებით ჩამორჩება, აქტიურად უნდა იქნეს ზომები მიღებული მისი ფორსირებული განვითარებისთვის, ასევე ხარვეზებია ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და წამალდამოკიდებულებაში. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაღაცეები გაკეთებულია, გვაქვს გარკვეული სასტარტო პირობები, ოღონდ მაღალი ტემპით უნდა მოვახდინოთ ზრუნვის სისტემის განვითარება“, - განაცხადა უჩა ვახანიამ.
„საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“ ინფორმაციით, ზრუნვის სიტემის შეფასებამ (სამივე მიმართულებით: ფსიქიკური ჯანმრთელობის, შინმოვლის და ნარკოტიკების მოხმარება/წამალდამოკიდებულების სისტემების შეფასებაზე დაყრდნობით) გამოკვეთა შემდეგი სახის პრობლემები: მტკიცებულებების გამოყენების სისუსტე; პროგრამის მართვა/ზედამხედველობის ხარვეზები; ფინანსური და ადამიანური რესურსების სიმწირე; სისტემის ფრაგმენტულობა; მომსახურების დაბალი ხარისხი; სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა და დონორებზე დამოკიდებულება (შინმოვლის შემთხვევაში).
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“ რეკომენდაციები საინტერესო იქნება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ხანდაზმულების მიმართ ზრუნვაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებითაც საჭიროა სერვისების დახვეწა და განვითარება.
„მნიშვნელოვანია მიმართულება, რომელიც ხანდაზმულთა ზრუნვას ეხება. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები განიცდიან დემოგრაფიულ გარდამავალ პერიოდს, ანუ დაბერებას. ეს პირველ ტიგში, პროგრესის შედეგია, რომ ადამიანები ხანგრძლივად ცხოვრობენ. ამავდროულად, ეს მოითხოვს იმ ადამიანების სრულიად ახალ მომსახურებას, რომლებიც დღეგრძელნი არიან და ცხოვრების ბოლო პერიოდში დამატებით დახმარებას საჭიროებენ. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ოჯახები ვერ წვდებიან ამას და საჭიროა ამ ოჯახების დახმარება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
,,საქართველოს ზრუნვის პლატფორმა“ ჩამოყალიბდა 2013 წელს. იგი აერთიანებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოთხ თემატურ ქსელს: ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს; საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციას; საქართველოს შინმოვლის კოალიციას, საქართველოს კარიტასს. იგი მიზნად ისახავს უფრო ეფექტიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ზრუნვის სისტემის განვითარების ადვოკატირებას. პლატფორმა იზიარებს ზრუნვის განმარტებას, რომლის მიხედვითაც ზრუნვის მიდგომა აერთიანებს პრევენციას, მკურნალობას, რეაბილიტაციასა და სოციალურ მომსახურებას. შესაბამისად, ზრუნვა შეიძლება იყოს: მკურნალობა, სოციალური დახმარება, საგანმანათლებლო მუშაობა, მორალური თუ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ადაპტაცია, ბაზისური პროცედურები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ფიზიკური რეაბილიტაცია, თვითმოვლის უნარების აღდგენა.
(R)

























