კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი ფარმან ჯეირანლი განცხადებას ავრცელებს

მე მსურს მოგიყვეთ ჩემი დაპატიმრების მიზეზების შესახებ. ყველაფერი დაიწყო ორი პაციენტის კარლო კეკელიძის და გიორგი ჩუბინიძის გარდაცვალების შემდეგ, რომელთაც ჩაუტარდათ კლინიკა ,,ლანცეტში’’ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. ამ დრომდე კლინიკაში ჩატარებული იყო ათეულობით ოპერაცია სხვადასხვა ორგანოების გადანერგვაზე, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებულად დამთავრდა. ხსენებული ორი პაციენტი იმყოფებოდნენ კლინიკურად მძიმე მდგომარეობაში. მათი გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო. მათი ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა დეტალურად არის აღწერილი შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაში. ის, რომ პაციენტების მდგომარეობა იყო უმძიმესი, ამის შესახებ ორივე პაციენტი და მათი ოჯახის წევრები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი და გაფრთხილებული. ამის შესახებ არსებობს სამედიცინო დოკუმენტაცია, სადაც კანონით დადგენილი წესით არის დადასტურებული საკუთარი ხელით თანხმობა პაციენტების და ოჯახის წევრების გაფრთხილებაზე და უფლება-მოვალეობების განმარტების შესახებ. პაციენტები და მათი ნათესავები ოპერაციამდე ასევე დამატებით იყვნენ გაფრთხილებულები მკურნალი ექიმის მირჯალალ კაზიმის მიერ მოსალოდნელ გართულებებზე და შესაძლო ლეტალურ შედეგზე, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამართლებრივი ნორმებით. პაციენტების კარლო კეკელიძის და გიორგი ჩუბინიძის გარდაცვალებიდან შვიდი თვის შემდეგ რატომღაც მათმა ახლობლებმა ერთდროულად დაიწყეს ჩივილი ჩემს წინააღმდეგ. იმის მიუხედავად, რომ გარდაცვლილი ორი პაციენტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ, მათ რატომღაც ერთი და იგივე პროკურატურაში დაიწყეს ჩივილი, ერთი და იმავე დროს. ეს მიუთითებს ჩემს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაზე. გარდაცვალების შემდეგ არცერთი პაციენტის ნათესავები არ დაგვთანხმდნენ გვამების გაკვეთაზე მიუხედავად ჩვენი შეთავაზებისა, რათა დაგვედგინა მათი გარდაცვალების რეალური მიზეზი, როგორც ეს ხდება ყველა ნორმალურ სიტუაციაში, რათა ყველას ცოდნოდა გარდაცვალების რეალური მიზეზი და უსაფუძვლოდ არავის მიმართ ხელი არ გაეშვირათ. მიუხედავად ჩვენი არაერთი თხოვნისა გვამების გაკვეთაზე, მათი ოჯახის წევრებისგან უარი მივიღეთ.
ყველაზე საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ამ პაციენტებს მფარველობს ომბუდსმენის აპარატი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ომბუდსმენის აპარატს შეუძლია მხოლოდ მონიტორინგის გაწევა გამოძიების და სასამართლოს ეტაპების და არა საგამოძიებო მოქმედებებში, რაც ჩემის აზრით არის ორმაგი სტანდარტი. მათ დაიწყეს ერთობლივად პროკურატურასთან ერთად ,,დოკუმენტური ფილმის’’ გადაღება, სადაც ომბუდსმენი აქტიურად იღებდა მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში. ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა ტელეკომპანია ,,იმედი’’, რომელიც ჯერ კიდევ ჩემს დაპატიმრებამდე ეწეოდა დეზინფორმაციას ჩემს წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად ჩემს დაკავებაზე. ამის შემდეგ მათ შეუერთდა საზოგადოებრივი არხიც.
კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს მინდა გავუსვა ხაზი, კერძოდ როგორც კი დამაპატიმრეს, ტელეკომპანია ,,იმედმა’’ ოთხჯერ გადმოსცა, რომ დააკავეს ქირურგი, რომელმაც ჩაატარა აღნიშნული ოპერაცია. მე ვსვამ კითხვას - რა საერთო მაქვს მე ტრანსპლანტაციის ოპერაციასთან? მე ხომ ის არ ჩამიტარებია და ახლოსაც არ გავკარებივარ. ამის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ აგორებულ პიარ კამპანიაში ჩაერთო აზერბაიჯანის სახელმწიფო პრესა. 2017 წლის 04 მაისს ინტერნეტ საიტზე ,,Haggin az’’ -ში დაიბეჭდა სტატია, სადაც მითითებულია 08 ადამიანის სია აზერბაიჯანის ხელისფლების ოპოზიციონერების, რომლებიც იყვნენ შეფარებულები საქართველოში. ერთ ერთი მათ შორის ვიყავი მე. ჩემს შესახებ წერდნენ, რომ მე ვიყავი მათი ხელმძღვანელი და ვაფინანსებდი მათ, თითქოს ჩვენ ვამზადებთ აზერბაიჯანში ყვავილოვან რევოლუციას. ისინი დაუკავშირდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ძალოვან სტრუქტურებს და სთხოვდნენ ზომების მიღებას. ჩვეულებრივ აღნიშნული საიტი აანონსებს მომავალ პოლიტპატიმრების სიას და ამის შესახებ ამზადებს საზოგადოებრივ აზრს. ასეც მოხდა 2017 წლის 21 მაისს მე დამაპატიმრეს, ხოლო 29 მაისს ამ სიიდან დააპატიმრეს ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, შემდეგ ბაირამლი, ხოლო ბლოგერი კალანდარლი ერთი თვის შემდეგ მოკლეს აზერბაიჯანის ციხეში.
აფგან მუხტარლის ადვოკატის გადმოცემით ბაირამლის და მუხტარლის დაკავების შედეგ გამომძიებლებმა ჩემს შესახებ 12 კითხვა დაუსვეს, ეს ფაქტი ფართოდ გაშუქდა აზერბაიჯანის პრესაში. არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ცენტრალური პოლიტპატიმრები’’ აზერბაიჯანში გამოაქვეყნა ბროშურა ამ სიიდან პოლიტპატიმრებზე მიძღვნილი, აზერბაიჯანულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. აქვე მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება - ჩემი საქმის სასამართლოში განხილვის ბოლო კვირას, ანუ რვა თვის თავზე პროკურორმა წარმოადგინა ქირურგ ტრანსპლანტოლოგი მირჯალალ კაზიმის ბრალდების დადგენილება, ანუ კაზიმს წაუყენეს ბრალი პაციენტების გარდაცვალების საკითხზე.მაშინ, როცა ამის გასარკვევად 08 თვე ჰქონდათ. ეს იყო სასამართლოზე ზეწოლის უტყუარი მაგალითი და ყველაზე გასაკვირი ის არის,რომ სასამართლომ ეს საბუთი დაურთო სისხლის სამართლის საქმეს, მაშინ როცა სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენის ყველანაირი ვადები ამოწურული იყო. ასეთ მსგავს ანალოგს მსოფლიოს სამართლის პრაქტიკა არ იცნობს, რომ რვა თვის სასამართლოში საქმის მიმდინარეობის ბოლო კვირას წარმოადგინეს ასეთი სამარცხვინო დადგენილება და სასამართლომ ეს დადგენილება საქმეს დაურთო უკვე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე. კიდევ ერთხელ ვაცხადებ ეს არის სამართლებრივი ნონსენსი და სამარცხვინო ფაქტი, რაც არის უტყუარი დასტური იმის, რომ სასამართლო და პროკურატურა შეთანხმებულად მოქმედებდნენ ჩემს წინააღმდეგ.
ჩემი საქმე, რომ პოლიტიკური დაკვეთაა, ამის მიხვედრა უმარტივესი რამ არის. ჩემი საქმე და აფგან მუხტარლის საქმე ტყუპებივით გავს ერთმანეთს, ორივეს მოგვისაჯეს 6-6 წლით პატიმრობა, რადგან ორივეს ერთი და იგივე დამკვეთი გვყავს. ომბუცმენი, რომელიც უწევდა მონიტორინგს პროცესებს, ნაცვლად ჩემი უფლებების დაცვისა დღემდე გაჩუმებულია.
ფარმან ჯეირანლი
(R)

























