ფეიქ-ნიუსის სახიფათო ვირუსი და მედია სივრცეზე მისი გავლენის რისკ-ფაქტორები

ფეიქ-ნიუსის სახიფათო ვირუსი და მედია სივრცეზე მისი გავლენის რისკ-ფაქტორები

მას შემდეგ რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ე.წ. ფეიქ-ნიუსების ავტორების დაჯილდოების შესახებ ტვიტერით ამცნო მსოფლიოს, ყალბი ნიუსების თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ტრამპი აცხადებს, რომ რაც ის ბიზნესიდან პოლიტიკაში გადავიდა, მედია, რომელიც კეთილგანწყობილი იყო მანამდე მის მიმართ, ცილისწამებას ავრცელებს მასზე.

ფეიქ-ნიუსების თემა აქტუალურია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუილ მაკრონისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთვის. ოღონდ ისინი ფეიქ-ნიუსის ძირითად გენერატორად რუსეთს მოიაზრებენ და არა ადგილობრივ მედიას.

ფეიქ-ნიუსი დავოსის ეკონომიკური ფორუმის წამყვანი თემაც გახდა. “ჰაკერობა, ინფორმაციის გაჟონვა, საეჭვო ფაქტები… სიმართლის დამახინჯება არასოდეს არ ყოფილა ასე ადვილი“ განაცხადა ბი-ბი-სის ჟურნალისტმა ზეინაბ ბადავიმ, რომელიც იყო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დებატების მოდერატორი. იგი სვამს კითხვას: „შეძლებს თუ არა ციფრულ სამყაროში თავისუფალი და სამართლიანი მედია აღადგინოს ნდობა პოლიტიკური დებატების მიმართ?“

ფეიქ-ნიუსის სამართლებრივი ჩარჩოები

ფეიქ-ნიუსი, თუ ის არ გადაკვეთს სამართლებრივ წითელ ხაზებს, კერძოდ, თუ ის არ წარმოადგენს ცილისწამებას, არ ლახავს პირის რეპუტაციას, არ ემუქრება ეროვნულ ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, დაცულია გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო გარანტიებით, ჯდება კანონიერ ჩარჩოებში და არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის მთავრობას არ შეუძლია მისი აკრძალვა.

ის ფაქტი, რომ ყალბი და შეცდომაში შემყვანი რეპორტაჟები და ახალი ამბები ჯდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ამცირებს საფრთხეს, რომელსაც ის წარმოადგენს ღია დისკურსისა და დემოკრატიული მმართველობისთვის. ყველაზე დიდი საფრთხე, რასაც იწვევს ფეიქ-ნიუსი არის საზოგადოების ნდობის ეროზია. ეს კი თავის მხრივ შეიძლება თანამედროვე მედიაში სერიოზული კრიზისის საფუძველი გახდეს.

აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, რომელიც მოიცავს ინფორმაციისა და იდეათა მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას ნებისმიერი მედია საშუალების გამოყენებით (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი) - ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებაა, რომელიც ყველა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო დოკუმენტით არის განმტკიცებული, მაგრამ სიტყვის თავისუფლების ძალა მდგომარეობს შესაძლებლობაში, რომ მოსმენილ და გაგონილ იქნას და ამავე დროს სჯეროდეთ. სწორედ ამ ძალას უთხრის ძირს ფეიქ-ნიუსი, რადგან არაერთხელ მოტყუებულ ადამიანებს უჩნდებათ უნდობლობა მედია საშუალებების მიმართ.

განსხვავებული მიდგომებია დემოკრატიულ სამყაროში. ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნებში გერმანიასა და საფრანგეთში მიღებული მარეგულირებელი კანონები ფეიქ-ნიუსების და სიძულვილის ენის დასამარცხებლად არ არის ძალიან პოპულარული ჟურნალისტთა და ანალიტიკოსთა წრეებში. ისევე როგორც საკამათოა 2014წ. ევროპის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ესანეთის მოქალაქის მარიო კოსტეხა გონსალესის სარჩელზე გუგლის ესპანეთის ოფისის წინააღმდეგ „დავიწყების უფლებაზე“, რაც გულისხმობს პიროვნების შესახებ ირელევანტური ინფორმაციის წაშლას საძიებო ბაზებიდან. „დავიწყების უფლება“ განსხვავებულია საჯარო პირების და პოლიტიკოსების მიმართ. ზოგადად ასეთი ინტერვენცია თუნდაც საუკეთესო განზრახვით ცენზურის საფრთხეს აძლიერებს.

პოლიტიკურად მიკერძოებული მომხმარებელი

კიდევ უფრო ნიშანდობლივია, რომ ნიუსების მომხმარებელი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არის პოლიტიკურად მიკერძოებული და შესაბამისად სურს მიიღოს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მის წინასწარ განწყობას პოლიტიკური მიმხრობის თვალსაზრისით.

ეს პროცესი არაერთ განვითარებული დემოკრატიის ქვეყანაში შეინიშნება. ამ სიტუაციით კარგად სარგებლობენ ავტოკრატები და მტკიცე კონტროლს აწესებენ მედიაზე. ამ მხრივ რუსეთს ლიდერის პოზიცია უჭირავს.

საქართველოში მედიაპლურალიზმის მხრივ დიდი მრავალფეროვნებაა, ასევე აშკარაა, რომ მაყურებელთა ერთი ნაწილი პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით არის გადანაწილებული წამყვან სატელევიზიო არხებზე.

ჩვენს მიერ ჩატარდა ონლაინ კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 150 ფეისბუქ- მომხმარებელი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. ერთი ნაწილი ადასტურებს, რომ ისინი ინფორმაციას ძირითადად იღებენ სოციალური ქსელებიდან (32%), ინტერნეტიდან (23%) და ტელევიზიიდან (14%). სატელევიზიო არხებს შორის ლიდერობენ: „იმედი“ (19%), „რუსთავი-2“ (19%) და „ტვ პირველი“ (14%). საინტერესო ანალიზის საფუძველს გვაძლევს სანდოობის ხარისხის მაჩვენებელი: 42% ენდობა „ტვ პირველს“, 40% ენდობა „იმედს“, ხოლო 22% ენდობა „რუსთავი-2-ს“. არც ერთ საინფორმაციო საშუალებას არ ენდობა 31%. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ცხადია, რომ საკმაოდ დიდია იმ მაყურებელთა რიცხვი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს დაბალანსებულ ინფორმაციას. ასეთად მოიაზრება „ტვ პირველი“. ამავე დროს მაყურებლის ერთი ნაწილი ენდობა მხოლოდ „იმედს“ ან მხოლოდ „რუსთავი-2-ს, რომლებიც შესაბამისად აღქმული არიან სახელისუფლებო და ოპოზიციის კურსის მხარდამჭერებად. ასეთი მაყურებელი მუდმივად ეძებს ნიუსების და ინფორმაციის წყაროს, რომელიც თანხვედრაშია მის პოლიტიკურ მრწამსთან.

ფეიქ-ნიუსები სოციალურ პლატფორმებზე

ფეიქ-ნიუსებს კიდევ უფრო დიდ გასაქანს აძლევს სოციალური პლატფორმები: ტვიტერი და საქართველოში უზომოდ პოპულარული ფეისბუქი. მიუხედავად ბევრი მომხმარებლის აღშფოთებისა სოციალური ქსელებზე გავრცელებული ფეიქების გამო, რაც საკმაოდ ხშირია, ფეისბუქი და ტვიტერი ემიჯნებიან გამომცემლის როლს და რჩებიან პლატფორმად, სადაც თვით მკითხველის პასუხისმგებლობაა სიმართლისა და სიცრუის გარჩევა.

ამ ვითარებაში, იმისთვის რომ მკითხველის ინტერესები იყოს დაცული, პასუხისმგებლობა ეკისრება მედიასაც და თვით მკითხველსაც. მედია, თუ მას პრეტენზია აქვს მაღალ ხარისხზე არ უნდა აწვდიდეს მკითხველს ან მაყურებელს ფეიქ ან შეცდომაში შემყვან ნიუსებს, მხოლოდ იმიტომ რომ დაემთხვეს მის პოლიტიკურ გემოვნებას. თავის მხრივ მკითხველი ან მაყურებელი უნდა ითხოვდეს სანდო და ხარისხიან ინფორმაციას.

ფეიქ-ნიუსის სახიფათო ვირუსის დამარცხება ხარისხიან ჟურნალისტიკას და მასზე მოთხოვნილების მქონე მომხმარებელს შეუძლია.

ნინი შენგელია, იურისტი,

თსუ სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი,

დიდი ბრიტანეთის იურისტთა ასოციაციის წევრი

(R)