რა უნდა გავაკეთოთ, რომ ე.წ. შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდეს

მცირე პრე-ისტორია
2014-15 წლებში საქართველოს მხარემ ზედმიწევნით პირნათლად შეასრულა სავიზო ლიბერალიზაციის ევროკავშირის გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები. 2015 წლის ბოლოს ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა გახდა საფუძველი 2016 წლის მარტში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკანონმდებლო ინიციატივისათვის, რომელიც ევროკომისიამ ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს წარუდგინა საბოლოო გადაწყვეტილებისათვის.
2016 წლის აპრილის ბოლოს გერმანიამ საფრანგეთის მხარდაჭერით წამოაყენა საკითხი უკვე არსებული ე.წ. შეჩერების მექანიზმის გამარტივებული შემოღების თაობაზე, რაც არსებული რამდენიმე თვიანი პროცედურის მაქსიმალურად შეკვეცას - 6-8 კვირამდე ითვალისწინებდა. პირობებად განისაზღვრა შემდეგი: რეადმისიის ხელშეკრულების არასათანადო შესრულება, ზედმეტად გაზრდილი თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა და უვიზო რეჟიმის დამრღვევთა დიდი რაოდენობის მაჩვენებელი.
მიუხედავად შესრულებული ვალდებულებებისა, შეჩერების მექანიზმის საბოლოო მიღებამდე უვიზო რეჟიმის მონიჭება არ მოხდა. მხოლოდ მექანიზმის იურიდიული გაფორმების შემდეგ დადგა სასურველი შედეგი. შევნიშნავ, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია მოხდეს ან შენგენის წევრი ქვეყნის მოთხოვნით, ან ევროკომისიის გადაწყვეტილებით.
უვიზო რეჟიმის მონიჭებას საქართველოში წინ უძღოდა ზედმეტად მაღალი პოლიტიკური ინტერესი და საზოგადოებრივი მოლოდინის ფონი. ხელისუფლებისათვის ეს იყო საგარეო-პოლიტიკური მიზნის მიღწევის ფიქსაცია საარჩევნოდ და არა მხოლოდ, ხოლო ეკონომიკური შემოსავლის პერსპექტივის არმქონე მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ევროპაში გამარტივებული ემიგრირების საშუალება შემდგომი დარჩენის იმედით. შესაბამისად, ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ უვიზო მიმოსვლის მიღწევას მაღალი საზოგადოებრივი აღიარება ჰქონოდა და საკითხის მიმართ მაღალი მოლოდინები ბუნებრივად მის ინტერესებში შედიოდა.
არსებული მდგომარეობა
ევროკომისიამ თავიდანვე განსაზღვრა, რომ მინიმუმ მომდევნო 7 წლის განმავლობაში განახორციელებს მონიტორინგს აღნიშნულ ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობაზე საქართველოსა და 7 სხვა უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყანაში.
2017 წლის ბოლოს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით განისაზღვრა ის აუცილებელი ზომები, რომელიც საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა გაატაროს უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი სარგებლობისათვის. დოკუმენტში ყველაზე დიდ პრობლემად არის დასახელებული ქართული ორგანიზებული დანაშაულის ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში, კერძოდ გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, საბერძნეთსა და იტალიაში.
აღნიშნულ ზომებში არის საკითხები, რომელთა შესრულება შესაძლებელი იყო 2017 წლის განმავლობაში. ესენია:
1. ევროპოლთან დადებული შეთანხმების ოპერაციონალიზაცია და ევროჯასტთან შეთანხმების დროული გაფორმება;
2. როგორც პრიორიტეტი, დანაშაულის უნიფიცირებული ანალიზის ცენტრის შექმნის დასრულება;
3. ქონების უკან დაბრუნების ეროვნული ოფისის (Asset Recovery Office) განსაზღვრა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მეოთხე დირექტივასთან კანონმდებლობის მისადაგება. ქონების დეკლარირების ვერიფიკაციის მექანიზმის იმპლემენტაცია.
4. ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების განხორციელება მისი მოქმედების ეფექტიანობის გაზრდისათვის.
სამწუხაროდ, არც ერთი არ იქნა შესრულებული 2017 წლის განმავლობაში, თუმცა ეს შეიძლება უკეთესიც იყოს, რაზეც ცოტა ქვემოთ.
ამ დროისათვის, საჯაროდ ოფიციალური უკმაყოფილება დაფიქსირებული აქვს შენგენის წევრ ქვეყნებს: ისლანდიას, გერმანიასა და შვედეთს. ყველა მათგანში გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან. გარდა ამისა, გერმანიამ დააფიქსირა განსაკუთრებული შეშფოთება კრიმინალური აქტივობების გაზრდის გამო. საერთო ჯამში, თითოეულ ქვეყანაში საშუალოდ 500-დან 1000-მდე თავშესაფრის განაცხადია უარყოფილი სხვადასხვა მონაცემებით 2017 წლის განმავლობაში. საერთო რიცხვი ზრდისა შეადგენს 6%-ზე მეტს, რაც არ არის დიდი მაჩვენებელი, თუმცა კრიმინოგენური ფონის გაზრდის პარალელურად ტენდენცია მიუღებელია გერმანიისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება რთული ამოცანის წინაშე დგას, რომელსაც თავს მხოლოდ ინდივიდუალური ძალისხმევით ვერ გაართმევს ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არსებითად შესაძლებელია თუ არა, რომ ევროპაში ემიგრაციაზე ორიენტირებულმა მოსახლეობამ დაინახოს მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიკური პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა - დაინახო პერსპექტივა. სწორედ პერსპექტივის უქონლობა აიძულებს საქართველოს მოსახლეობას (ხაზს ვუსვამ ქართველს) იფიქროს ემიგრირებაზე, რაც არსებითად მას ყველაზე ნაკლებად სურს.
თუმცა ხელისუფლების პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. პრობლემა საგარეო-პოლიტიკურიცაა. კერძოდ, ე.წ. შეჩერების მექანიზმი სწორედ უვიზო მიმოსვლის მიმართ დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის გამო შესაძლებელია გახდეს ხელისუფლებაზე მუდმივი ზემოქმედების ინსტრუმენტი ევროკავშირის მხრიდან. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ევროკავშირს სურვილი ჰქონდეს ამ მექანიზმის ამოქმედების, მითუმეტეს, რომ უვიზო მიმოსვლის დაწესების პარალელურად არსებობდა რისკების შეფასების დოკუმენტიც, ანუ ევროკავშირი ინფორმირებული იყო მოსალოდნელი რისკების თაობაზე. მეტიც, ეს მის ინტერესებში არ შედის. ამავე დროს, იგივე გერმანიაში შიდა პოლიტიკური ზოგადად საემიგრაციო თემებით სპეკულირების თვალსაზრისით, როგორც ჩანს, ხანგრძლივი მანიპულირების თემა იქნება ევროპული პოსტ-საემიგრაციო კრიზისის ფონზე და ზემოაღნიშნული 7 წლიანი პერიოდის გათვალისწინებით. ეს კი მთავრობას, ისევე როგორც მთლიანად ქვეყნას, დამატებითი წნეხის რისკის ქვეშ აყენებს. კერძოდ, ერთი მხრივ, მთავრობამ უნდა მოახდინოს სასწაული და მოსახლეობას ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის შეგრძნება გაუჩინოს, მეორე მხრივ კი, ინტენსიური დიპლომატიით გადაავადოს ამ მექანიზმის ამოქმედების ზერელე ინიცირებაც კი.
ამ ეტაპზე, კონკრეტული გეგმა ცნობილი არ არის. არსებული განაცხადით მხოლოდ ჯერ კიდევ ბუნდოვანი მკაცრი ზომების მიღების დაპირებაა სახეზე. ზოგადად, ბოლო დროს ტენდენცია დამკვიდრდა, რომ ნებისმიერ პრობლემაზე გამკაცრებული კანონმდებლობის მიღებით ხდება რეაგირება. ეს არასწორი მართვის სტილი და ბრალია. საჭიროა რეგულირება და არა მხოლოდ სიმკაცრე. უვიზო მიმოსვლის შემთხვევაშიც ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა სწორედ კომპლექსური პროგრამა და შემდეგ ამ პროგრამის ეფექტიანი „გაყიდვა“ ბრიუსელსა თუ დედაქალებში, ისევე როგორც საქართველოში.
რა უნდა გაკეთდეს?
ქვემოთჩამოთვლილი რეკომენდაციები არის მინიმალური, თუმცა აუცილებელი ნაწილი საერთო კომპლექსური ღონისძიებებისა:
1. აუცილებელია, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხის დეპოლიტიზაცია მოხდეს. ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავის ამ საკითხის ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის მიზნით გამოყენებისა და მანიპულირებისგან;
2. 20 დეკემბრის ევროკომისიის ანგარიშში ზემოჩათვლილი საკითხების დაუყოვნებლივი შესრულების დაწყება და ევროპულ მხარესთან დედაქალაქების დონეზე ინფორმირება.
3. ფართო შიდასაზოგადოებრივი კამპანიის წარმოება არა გაჭირვებული მოსახლეობის დანამუსების მიზნით, არამედ კონკრეტული ეკონომიკური პერსპექტივის დანახების თვალსაზრისით;
4. მოქალაქეობის დაკარგვისა და მინიჭების/აღდგენის სისტემის რეფორმაზე მიმდინარე მუშაობაში სპეციალური პრევენციული მკაცრი ზომების შემოღებით ორგანიზებულ დანაშაულში შემჩნეული პირების მიმართ.
5. სრულფასოვანი და ეფექტური თანამშრომლობის, მათ შორის ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით, უზრუნველყოფა ევროპული ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან.
6. ტურისტული, სამგზავრო ორგანიზაციებისა და კომპანიების ლიცენზირების დაწესება ან სპეციალური რეგულირების შემოღება, სადაც განისაზღვრება კლიენტთა მომსახურების მიმართ მათი პასუხისმგებლობის ფარგლები.
7. სპეციალური წინასწარი სადეპოზიტო სავალდებულო თანხის განსაზღვრა, რომელიც წინმსწრებით მიემართება რეადმისიის იმ ფონდში, რომლის საფუძველზეც მოხდება არალეგალურად დამრჩენ პირთა რეადმისიის თანხების დაფარვა.
დასკვნის სანაცვლოდ
საფრთხე, რომ ამ ეტაპზე მექანიზმი ამოქმედდება, დაბალია, თუმცა სამომავლოდ რეალური. ყველაზე ცუდი რაც უახლოსეს პერიოდში შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ე.წ. შეჩერების მექანიზმი არა ფორმალურად, არამედ ფაქტობრივად ამოქმედდეს - შენგენის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე შემსვლელი ტურისტებისა და პირების რაოდენობის ხელოვნური შემცირების შემოღებით. მარტივად რომ ვთქვათ, თუ აქამდე უშვებდნენ 10-დან 9 პირს, ახლა შეუშვებენ მხოლოდ 2-3 ადამიანს.
ლევან ბოძაშვილი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სპეციალისტი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე

























