ახალი ტერმინალი ფოთის პორტში, ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს

ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი შექმნილია ქართველი და უცხოელი ბიზნესმენების მონაწილეობით. კონსორციუმის წევრები წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესებს საქართველოში და, ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ხედავენ თვალსაჩინო პროგრესს. საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა, გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა, ეს კი შემთხვევით არ ხდება. ვფიქრობთ, რომ ჩვენ პროექტს რაიმე დაბრკოლება არ ექნება, დანარჩენი კი ჩვენზე - ბიზნესზეა დამოკიდებული.
კონკრეტულად ჩვენი პროექტით, ფოთის პორტში ნაყარი ტვირთების გადასამუშავებლად ერთი ტერმინალი უნდა აშენდეს, 13,5 მეტრი სიღრმითა და 1,5 მლნ. ტონა ტვირთის გამტარუნარიანობით. ამ საქმეში ჩახედული ევროპელი სპეციალისტების გათვლებით, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ტერმინალის მოსაწყობად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მისაღებად, 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია არის განსახორციელებელი.
ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მე და ჩემი პარტნიორები ბიზნესში კონკურენციას მივესალმებით. ამის შესახებ კონსორციუმის თავმჯდომარემ ისაუბრა კიდეც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში; თუმცა, უნდა გავიმეორო მნიშვნელოვანი გარემოება - ვეცნობი რა აქაურ გამოხმაურებებს, მივხვდი, რომ შეგნებულად თუ უნებურად, ადგილი აქვს საკითხთა მნიშვნელოვანი წრის არაზუსტ ინტერპრეტირებას (რასაც ადგილი არა აქვს მსოფლიო სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებულ საინფორმაციო სივრცეში, სადაც ათეულობით დადებითი გამოხმაურებაა ჩვენს პროექტზე) ან ჩვენი პროექტის დაკნინებას, ასევე კონსორციუმის თავმჯდომარეზე გამუდმებულ თავდასხმებს. ჩვენი ერთი - 1, 5 მლნ. ტონა ნაყარი ტვირთების ტერმინალი ვერანაირად ვერ იქნება 100 მლნ. ტონა ტვირთზე გაანგარიშებული საკონტეინერო ტვირთების მეგაპორტის კონკურენტი. ეს ცალსახაა და მე, როგორც სატვირთო გადაზიდვების სპეციალისტი, ბოლო-ბოლო წლების განმავლობაში ფოთის პორტში მე-3 და მე-4 ტერმინალების მმართველი კომპანიის დირექტორი ვიყავი, ამას დაბეჯითებით ვაცხადებ. ასევე, არც ამ პროექტების პრეზენტაციებს შორის არის რაიმე კავშირი. ჩვენ წლებია ვფიქრობთ მსგავსი პროექტის განხორცილებაზე ფოთის პორტის აკვატორიაში და, თავის დროზე, ჩვენთვის ანაკლიის მიმართულებით მონაწილეობაც საინტერესო იყო განსახილველად, მაგრამ საბოლოოდ მაინც ფოთი ავირჩიეთ. შესაბამისად, გავშალეთ ინტენსიური მოლაპარაკებები ფოთის პორტის მმართველ მენეჯმენტთან და მემორანდუმის ხელმოწერამდეც მივედით. ჩვენ მივესალმებთ ანაკლიის პროექტს და მათ წარმატებებს ვუსურვებთ. თავად კი ორიენტირებული ვართ იმ ტვირთებზე, რომლებიც ტრადიციულია ფოთის მიმართულებაზე და გვინდა მათ შევუქმნათ ახალი შესაძლებელობები და კომფორტული მომსახურების სივრცე. სხვანაირად როგორ უნდა ვიფიქროთ: 100 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციით ასეთ დიდ წამოწყებას კონკურენცია გავუწიოთ? და თუ ვინმე ხედავს ამ პროექტებს შორის კონკურენციას, მინდა ვიკითხო - განა კონკურენცია ცუდია?
პროექტი მხოლოდ ეხლა იწყება, ჯერ-ჯერობით ურთიერთგაგების მემორანდუმია ხელმოწერილი „ეიფიემ ტერმინალს ფოთთან“, ეხლა მიმდინარეობს მათთან საკონსეციო ხელშეკრულების მომზადების სამუშოები და პარალელურ რეჟიმში განახლდა მოლაპარაკებები ჩვენთვის კარგად ცნობილ ტვირთმფლობელებთან, რათა ისინი შემოურთდნენ ჩვენს პროექტს კონსორციუმში ან გაფორმდეს შესაბამისი მემორანდუმები განზრახულობათა შესახებ სამომავლო სახელშეკრულებო ურთიერთობის თაობაზე.
ლადისლავ ჰალაჩკა
ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმის დამფუძნებელი
თბილისი, 09 თებერვალი, 2018 წელი.
(R)

























