კვლევის შედეგების პრეზენტაცია: „საქართველო, როგორც ტრანზიტული ჰაბი და მისი გაზრდილი პოტენციალი აბრეშუმის გზის ინიციატივის განხორციელების პროცესში”
25 იანვარს, 10.30 საათზე, სასტუმრო "რუმსში" გაიმართება კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია თემაზე: „საქართველო, როგორც ტრანზიტული ჰაბი და მისი გაზრდილი პოტენციალი აბრეშუმის გზის ინიციატივის განხორციელების პროცესში”.
კვლევის მიზანია, გამოკვეთოს საქართველოს პოტენციალი აბრეშუმის გზის ინიციატივის (Belt and Road Initiative) განხორციელების პროცესში. ასევე, აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას ქვეყნის მიმართ ინტერესის გაძლიერებისთვის.
აბრეშუმის გზის ინიციატივა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა შეასრულოს ტრანზიტული ჰაბის როლი ჩინეთსა და ევროპას შორის. თუმცა, ქვეყანას შეუძლია მეტი სარგებელი მიიღოს ჩინეთსა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისგან.
საქართველოს აქვს პოტენციალი ჩინეთს შესთავაზოს ევროპასთან უფრო ეფექტურად ვაჭრობის პლატფორმა. პრეზენტაციის ფარგლებში, მოხდება იმ საკითხების გამოკვეთა, რომლებიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას უფრო მიმზიდველი გახდეს Belt and Road ინიციატივის ფარგლებში. ასევე, გამოიკვეთება ის სფეროები, რომლებიც უნდა განავითაროს საქართველომ, იმისათვის, რომ გაზარდოს ქვეყნის ჩართულობა ინიციატივაში.
კვლევის შედეგებს წარადგენენ PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარები - მარიამ ზაბახიძე და რეზო ბერაძე. შეხვედრას მოდერაციას გაუწევს გიორგი პაპავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ღონისძიებას დაესწრებიან მთავრობის, საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.
კვლევა ჩატარდა პროექტის „საჯარო პოლიტიკის განხილვისა და დიალოგის პლატფორმის“ ფარგლებში და განხორციელდა „პი ემ სი კვლევითი ცენტრის“ მიერ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის მხარდაჭერით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთევან ლეკიშვილი, პი ემ სი კვლევითი ცენტრის კომუნიკაციის მენეჯერი
ტელ: +995 599 975 975
ელ. ფოსტა: k.lekishvili@pmcg.ge
(R)

























