ე.წ. სტამბოლის ბაზრობის თანამშრომელი - აქ ერთი კამერა აყენია, რომელიც გასასვლელს უყურებს, მწყობრიდან არის გამოსული თუ არა ეს კამერა, არ ვიცი

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის თანამშრომელი - აქ ერთი კამერა აყენია, რომელიც გასასვლელს უყურებს, მწყობრიდან არის გამოსული თუ არა ეს კამერა, არ ვიცი

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ბაზრობის დირექტორი სამსონ ქუთათელაძე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს, ბაზრობის თანამშრომლებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაზრობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ელიკო მატარაძემ განუცხადა, გუშინ დილით სამსონ ქუთათელაძე ბაზრობაზე მივიდა, მას არანაირი აღელვების ნიშნები არ აღენიშნებოდა.

ელიკო მატარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი მაღაზია სამსონ ქუთათელაძის ოფისთან უახლოეს ტერიტორიაზე მდებარეობს, მას დღის განმავლობაში არანაირი სროლის ან კამათის ხმა არ გაუგია.

„ჩემს მაღაზიაში ვიყავი. ვინაიდან ციოდა კარები დაკეტილი მქონდა. არანაირი სროლის ხმა არ გამიგია. როცა აჟიოტაჟი ატყდა, გარეთ გავედი. დილით სამსახურში იყო მოსული. აქ ერთი კამერა აყენია, რომელიც გასასვლელს უყურებს, მწყობრიდან არის გამოსული თუ არა ეს კამერა, არ ვიცი“, - განაცხადა ელიკო მატარაძემ.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბაზრობის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ნაზი ძაგანიამ განაცხადა, რომ მას გასროლის ხმა არ გაუგია. მისივე თქმით, სამსონ ქუთათელაძის გარდაცვალების ამბავი ქუთათელაძის შვილისგან გაიგო, რომელიც ადგილზე მივიდა.

„არ ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის მიზეზი. მანამდე არაფრის ხმა არ გამიგია, არც ხმაურის და არც სროლის. პოლიციაც დროულად მოვიდა. მისი შვილის რეაქციაზე მივხვდი რომ მოკლეს, იმიტომ რომ თავში ხელს ირტყამდა და თქვა, რომ მოკლესო“, - განაცხადა ნაზი ძაგანიამ.

რუსთავში გუშინ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საჩხერიდან საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო.