,,ენერგო-პრო ჯორჯია“ - პანკისის ხეობის სოფლებში ენერგომომარაგება სტაბილური და უსაფრთხო გახდება

პანკისის ხეობის სოფლებში ენერგომომარაგება სტაბილური და უსაფრთხო გახდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, მათ პანკისის ხეობის სოფლებში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა და 2200-მდე აბონენტის ენერგომომარაგება უფრო საიმედო და სტაბილური გახდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ახმეტა-პანკისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე გამოიცვალა გადამცემი ხაზები და ძველი, ამორტიზირებული ბოძები შეიცვალა ახალი საყრდენებით. სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში ხალაწანი, შუა ხალაწანი და კუწახტა.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე ალაზანზე ახალი ხაზის მშენებლობა, რომელიც ომალოსა და ხალაწანის ენერგომომარაგების სტაბილურობას უზრუნველყოფს. სოფელ ომალოში ძაბვის ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ახალი ტრანსფორმატორის მონტაჟიც.
„სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას განაგრძობს“, – აცხადებენ კომპანიაში.

























