”ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი - ხმა მივეცი ბორჯომის უკეთეს მომავალს
”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია ”პატრიოტთა ალიანსის” ბრალდებებს ეხმაურება. როგორც ლიპარტიამ მეოთხე საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველი უწყების მხრიდან არანაირი მობილიზება არ არის. მისი თქმით, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებები კეთდება, მნიშვნელოვანია წარმოდგენილი იყოს კონკრეტული მტკიცებულებები.
”მე ხმა მივეცი ბორჯომის უკეთეს მომავალს და ამ რაიონში ბორჯომის ხეობის განვითარებას. რაც შეეხება ოპონენტის ბრალდებას, შემიძლია გიპასუხოთ, რომ ყველაფერი შეიძლება ითქვას, მაგრამ ამას სჭირდება კონკრეტული დამადასტურებელი ფაქტები, რაც ჩვენს ოპონენტებს არ წარმოუდგენიათ. არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და წყნარ გარემოში”, - განაცხადა ლევან ლიპარტიამ.
”პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატის განცხადებით, ბორჯომში საარჩევნო უბნებზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა, რაც მისი შეფასებით ამომრჩეველს თავისუფალი ნების გამოხატვაში შესაძლოა ხელს უშლიდეს. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა შს სამინისტრო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნებზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

























