ბორჯომში, ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელს გადასატან ყუთში 4 ცარიელი კონვერტი ჩაუვარდა
ბორჯომის #25-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. გადასატან ყუთში პარტია ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელს 4 ცარიელი კონვერტი ჩაუვარდა.
პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, ეს არ იყო განზრახ ჩადენილი საქციელი და მას ეს შემთხვევით მოუვიდა.
აღნიშნულ მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც შესაბამისი ოქმი შეადგინეს ფაქტთან დაკავშირებით. საუბნო-საარჩევნო კომისიაში განხილვა მიმდინარეობს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
”აღნიშნული ფაქტი შემთხვევით მომივიდა. როდესაც დავტოვეთ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი და ჩავჯექით ავტომობილში, ყუთი დავიდე კალთაში და კონვერტების დაწყობა გადავწყვიტე, რა მომენტშიც ოთხი ცარიელი კონვერტი ჩამიცურდა გადასატან ყუთში. იქვე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ ეს ფაქტი დააფიქსირეს”, - განაცხადა პარტია ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ნუნუ ფერაძემ.

























